გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გმობს ნებისმიერ თავდასხმას დასახლებულ რაიონებზე, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, განაცხადა გენერალური მდივნის პრეს მდივანმა სტეფან დიუჟარიკმა.
განცხადებაში ნათქვამია: “16 ოქტომბერს ქალაქ განჯაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად სამოქალაქო პირების, მათ შორის, ბავშვების ტრაგიკული დაღუპვა აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილზე, საცხოვრებელ რაიონებზე უმიზნო თავდასხმები, მათ შორის, სტეპანაკერტში/ხანკენდიში და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის სხვა დასახლებულ პუნქტებში.
დიუჟარიკმა თქვა, რომ გაეროს გენერალური მდივანი ღრმად წუხს, რომ კონფლიქტის მხარეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ითვალისწინებდნენ საერთაშორისო საზოგადოების არაერთ მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები.
პრეს-მდივანმა თქვა, რომ “სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ბოლო საუბრებში, გენერალური მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, საომარი მოქმედების დროს ორივე მხარე ვალდებულია მუდმივად დაუთმოს ყურადღება იმას, რომ გაუფრთხილდეს და დაიცვას სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.”
პრეს-მდივანის განმარტებით, გუტიერეშმა 18 ოქტომბრიდან გამოცხადებული ჰუმანიტარული დროებითი ზავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და თქვა, რომ იმედი აქვს, მხარეები ამ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებენ და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ჩართულობით კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ განაახლებენ.
Facebook Forum