ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „ჰამასმა“ და ისრაელმა ღაზაში მიმდინარე ომის ადრეულ ეტაპზე ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

გაეროს ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისე როგორც „ჰამასის“, ასევე ისრაელის ქმედებები, სამოქალაქო მოსახლეობის უზარმაზარი დანაკარგების გამო, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ . დასკვნა, გაეროს საგამოძიებო კომისიამ ორი სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით მოამზადა. ერთი ანგარიში სრულად იყო ფოკუსირებული ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც 7 ოქტომბერს მოხდა. მეორე დასკვნა კი ისრაელის საპასუხო ნაბიჯებს მიმოიხილავდა.

ისრაელმა გაეროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს მიკერძოებული უწოდა და კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. „ჰამასს“ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ომი ახლო აღმოსავლეთში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაიწყო, რომელიც მალევე შეფასდა, როგორც ტერორისტული აქტი. თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა მოკლეს 1 200 ადამიანი, მათ შორის, ქალები ბავშვები და მოხუცები, 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ნაწილი მათგანი ამ დროისთვის თავისუფალია. მძევალთა ნაწილი, დაახლოებით, 100 ადამიანი კვლავ ტყვეობაში რჩება.

სწორედ ამ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების მოტივით და მძევლების გათავისუფლების სურვილით ომი დაიწყო. ღაზაში ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის შედეგად დაღუპულია 37 000-ზე მეტი პალესტინელი, ინფორმაციას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. გაერო ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სანდოა. ომის გამო ღაზაში მცხოვრებ 2.3 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება და ახალი, თავშესაფრის მოძიება მოუწია.

ომი ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე გრძელდება, ამერიკის შეერთებული შტატები ეგვიპტესთან და ყატართან ერთად თვეებია ცდილობს, შეიმუშაოს ისეთი შეთანხმება, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას მიმდინარე ომის დროებით და შემდეგ საბოლოოდ შეწყვეტას.

XS
SM
MD
LG