უკრაინაში ჩასული გაეროს დელეგაცია დღეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე შევიდა. ევროპის უდიდესი ბირთვული სადგური დღეს რუსეთის მიერ კონტროლდება, რომელიც გასული წლის 24 თებერვალს მეზობელ უკრაინას თავს დაესხა და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
რაფაელ გროსის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის ვიზიტის მიზანი, ბირთვული ინციდენტის თავიდან აცილებაა. სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებით, გროსი ახლა იქ იმყოფება და სადგურს ათვალიერებს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტიც ადასტურებს, რომელმაც დაინახა, თუ როგორ შეაცილა სადგურზე რუსეთის არმიის მანქანებმა გაეროს დელეგაციის საავტომობილო კოლონა.
მოსკოვი და კიევი ატომური ელექტროსადგურის და მისი მიმდებარე ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვას გამუდმებით ერთმანეთს აბრალებენ. რაფაელ გროსის სურს, რომ ორ ქვეყანას შორის, სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეთანხმება მოხდეს.
გროსიმ "როიტერს" ინტერვიუში უთხრა, რომ ვითარება სადგურზე "ძალზე სახიფათო" და"ძალზე არასტაბილურია". მისი თქმით, რეგიონში ბოლო კვირებში სამხედრო აქტივობა გაღრმავებულია.
ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური ომამდე უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების 20%-ს უზრუნველყოფდა. სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ბოლო, მე-6 რეაქტორიც გამოირთო, სადგურზე ელექტროენერგიის წარმოება შეწყვეტილია.
Facebook Forum