უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშები ახალი სიძლიერით განახლდა. 9 მარტს მოსკოვის მიერ გახსნილ ინტენსიურ ცეცხლს, რომლის მსგავსი თებერვლის შუა რიცხვებიდან აღარ ყოფილა, უკრაინის სულ ცოტა, 6 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
მასობრივი იერიშების სამიზნე საცხოვრებელ სახლებთან ერთად, კვლავ ენერგოობიექტები და გადამცემი ხაზები იყო. ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ევროპის კონტინენტზე უდიდესია, რამდენიმე ხნით დენი აღარ მიეწოდებოდა.
კიევი აცხადებს, რომ იერიშში გამოყენებული იყო რუსეთის ერთ-ერთი უახლესი და ძვირადღირებული შეიარაღება - "კინჟალის" ტიპის 6 ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტა.
"ოკუპანტებს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზების უნარი აქვთ. ესაა ის, რაც მათ შეუძლიათ. მაგრამ, ეს არ უშველით. ისინი ვერ აიცილებენ თავიდან იმ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, რასაც სჩადიან" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ბოლო სარაკეტო იერიში უკრაინის 10 რეგიონზე იყო მიტანილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მიერ განხორციელებული "მასობრივი საპასუხო იერიში" უკრაინელთა სასაზღვრო რაიონებზე გასულ კვირაში მოწყობილ "რეიდს" უკავშირდებოდა. მოსკოვი აცხადებს, რომ ყველა სამიზნე ააფეთქა, მათ შორის - დრონების ბაზები, სარკინიგზო მიწოდების ხაზები და იარაღის შესაკეთებელი საამქროები.
უკრაინის ოფიციალური წყაროებით, დარტყმები მიტანილი იყო დედაქალაქ კიევზე, შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე და უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივზე. სარაკეტო იერიშში მოხვდნენ ჟიტომირის, ვინიცის, რივნის დასახლებები - მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაწილში თუ პოლტავის გასწვრივ, ცენტრალურ უკრაინაში.
Facebook Forum