ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრად დარჩენილი მიგრანტები შინ ბრუნდებიან - შესაძლო "კრიზისი კრიზისში"


გაერთიანებული ერების შრომის სააგენტო მთავრობებს მთელ მსოფლიოში მოუწოდებს, რომ დასაქმებული მიგრანტების სოციალური დაცვა უზრუნველყონ. სააგენტოს განცხადებით, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ათობით მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩა და ისინი საკუთარ სამშობლოებში, სიღარიბეში ბრუნდებიან.

შრომის სააერთაშორისო ორგანიზაცია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში განმარტავს, რომ საკარანტინო ზომების და მგზავრობის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან ერთად, მიგრანტი მშრომელების ნაწილი მასპინძელი ქვეყნების დასუსტებულ ეკონომიკაში ცდილობს საკუთარი ადგილის პოვნას, თუმცა ბევრი მათგანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მძიმე მდგომარეობაში არიან მათი ოჯახებიც, რომლებიც საზღვარგარეთ წასული ახლობლებისგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებენ.


ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 164 მშრომელი მიგრანტია, მათი თითქმის ნახევარი ქალია. ეს მიგრანტები მსოფლიოს სამუშაო ძალის 4.7 %-ს შეადგენენ. ბევრი მათგანი არსებითი მნიშვნელობის ბიზნესებსა თუ სისტემებშიცაა დასაქმებული, იქნება ეს ჯანდაცვა, ტრანსპორტი თუ სოფლის მეურნეობა.

"შრომითი მიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც სამუშაო ძალის ნაწილი არიან, პანდემიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალდნენ", - აცხადებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაუ რაიდერი. მისი განმარტებით, შრომითი მიგრანტები ცხოვრების არასათანადო პირობების გამო ხშირად თავად დაინფიცირების უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, გარდა ამისა, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ტესტირებასა თუ მკურნალობის საშუალებებზე. ისინიც კი, ვინც ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა არსებითი მნიშვნელობის მიმართულებითაა დასაქმებული, ხშირად ვერ იღებენ ვერანაირ სოციალურ თუ ფინანსურ დაცვასა და გარანტიებს. "ეს არის პოტენციური კრიზისი კრიზისში", - ამბობს ორგანიზაციის შრომითი პირობებისა და თანასწორობის დეპარტამენტის დირექტორი მანუელა ტომი.

ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია ასევე ამ ადამიანების შინ დაბრუნებასთან და მათ სოციალურ ეკონომიკურ რეინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მხოლოდ სამხრეთ აზიაში ბოლო პერიოდში დაახლოებით მილიონი შრომითი მიგრანტი დაბრუნდა. ეთიოპიაში წლის ბოლომდე 200-500 ათასი მიგრანტის დაბრუნებას ელიან. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემთხვევაში, ქვეყნებს ამ მიგრანტების ახალშეძენილი უნარების, ტალანტის თუ ზოგ შემთხვევაში ფინანსური კაპიტალის ეკონომიკის საკეთილდღეოდ გამოყენება შეუძლიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG