ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიში ყურადღებას მიგრანტი ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ამახვილებს


შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა გასულ კვირაში ხაზი გაუსვა, რომ სასაზღვრო შტატ ტეხასში განლაგებულ დროებითი დაკავების დაწესებულებებში, სერიოზული სიმჭიდროვე იყო და ხანგრძლივი დაკავება ხდებოდა. ახალი ანგარიში კი ყურადღებას არიზონის შტატის დაწესებულებებში დაკავებული მიგრანტი ბავშვების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე ამახვილებს.

„ენ ბი სი“ იუწყება, რომ მოიპოვა დაახლოებით 30 ბავშვის მონათხრობი, რომელთა ისტორიებიც ჯანდაცვის დეპარტამენტის მენეჯერების მიერ არის დოკუმენტირებული. მათ შორის ბავშვების ჩივილი, რომლებსაც ეშინოდათ გაებრაზებინათ ოფიცრები ისეთი თხოვნით, როგორიცაა სუფთა საცვლის მიცემა. „ენ ბი სი“ ასევე იუწყება, რომ ანგარიშში მოხსენიებული ყველა ბავშვი, დაწესებულებაში უფრო დიდხანს გააჩერეს, ვიდრე კანონი ითვალისწინებდა.

„ენ ბი სი“ ციტირებს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრეს-მდივანს, რომელმაც თქვა, ეს ბრალდებები „ჩვენი დაწესებულებების ზოგად პრაქტიკას არ ეთანხმება და მისი სრული გამოძიება მოხდება.“

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კევინ მაკ ელინანმა განაცხადა, რომ ცნობები ანტისანიტარიის, არასაკმარისი საკვების და წყლის შესახებ უსაფუძვლოა და დაამატა, რომ დეპარტამენტი დაკავების ცენტრების გაუმჯობესებაზე მუშაობს.

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა, გენერალური ინსპექტორის ანგარიშზე დაყრდნობით, ამერიკის სამხრეთ საზღვარზე მიგრანტების დაკავების პირობები დაგმო.

XS
SM
MD
LG