მექსიკის პოლიციამ ტიხუანაში ორი ჰონდურასელი მიგრანტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა. სამი დაკავებული ეჭვმიტანილია ჰონდურასელი თინეიჯერების მკვლელობაში, რომელთა ცხედრებიც შაბათს, სასაზღვრო ქალაქო ტიხუანაში იპოვეს.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულთა შორის ორი მამაკაცი, ერთი კი ქალია და მათ წინააღმდეგ მკვლელობისა და სხვა მუხლებითაა საქმეები აღძრული. დაღუპულები 16-17 წლისანი იყვნენ.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მიგრანტები, რომლებიც თავშესაფრიდან გამოვიდნენ, ქუჩაში ფეხით მიდიოდნენ, როდესაც მათ ეჭვმიტანილები სავარაუდოდ გაძარცვის მიზნით მიუახლოვდნენ. მიგრანტებთან ერთად მყოფი ერთი პირი დაშავდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. ორი მიგრანტის ცხედარი კი დახრჩობის ნიშნებითა და სხვა ჭრილობებით მოგვიანებით იპოვეს.
ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრმა დარუპულთა ოჯახის წევრებს უკვე მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ მექსიკის ხელისუფლება დამნაშავეთა დასჯას უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრმა, მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, არ ჩაიგდონ თავი საფრთხეში ამერიკისკენ მიმავალ ხიფათით სავსე გზაზე.
Facebook Forum