ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის სასამართლომ პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი დააჯარიმა


მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ (ECJ) განაჩენი გამოიტანა იმიგრანტების კვოტის საქმეზე და განაცხადა, რომ პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა ევროკავშირის მიღებული შეთანხმება დაარღვიეს, როცა უარი განაცხადა მიგრანტების მიღებაზე ევროკავშირის მიერ მიღებული კვოტების სისტემის იმპლემენტაციაზე. სასამართლომ განაცხადა, რომ ამ სამმა ქვეყანამ არ შეასრულა 2015-16 წლებში მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საბერძნეთიდან და იტალიიდან 160,000 მიგრანტის გადანაწილება უნდა მომხდარიყო. რედისტრიბუციის სქემა 2017 წელს დასრულდა და საბოლოოდ მხოლოდ 40,000 იმიგრანტი იქნა განაწილებული ევროკავშირის ქვეყნებზე.

ვარშავა, ბუდაპეშტი და პრაღა კვოტირების სისტემას დასაწყისშივე ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ სირიიდან და ერაყიდან მომავალი მიგრანტები მათი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

გადაწყვეტილების მიხედვით პოლონეთმა დაპირების მიუხედავად არ მიიღო 100 მიგრანტი, ხოლო ჩეხეთმა 50-დან მხოლოდ 12 ადამიანი მიიღო და უნგრეთმა არცერთი. შედეგად, სამივე ქვეყანა დაჯარიმდა.

მიგრანტების გადანაწილების გადაწვეტილება, 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისის მოჰყვა. ევროკავშირმა 2016 წელს თურქეთთან შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც თურქეთი არ გაატარებდა მიგრანტებს, რომლებიც ბულგარეთისა და საბერძნეთის მიმართულებით მიდიოდნენ. ოთხი წლის თავზე ევროკავშირი კვლავ გამოწვევის წინაშეა თუ როგორ გადაანაწილოს მიგრანტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა იტალია და საბერძნეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG