ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, რომ გერმანიის პოლიტიკური პარტიები უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემაზე შეთანხმდნენ


უკრაინელმა დეპუტატმა, იეჰორ ჩერნევმა, ორშაბათს განაცხადა, რომ გერმანიის საპარლამენტო ფრაქციებმა "მიაღწიეს კონსენსუსს" უკრაინისთვის "ტაურუსის" ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. უკრაინელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არაა მიღებული.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გასულ კვირას ბერლინში თქვა, რომ გერმანიას ამ ეტაპზე არ აქვს რაიმე გეგმა, მიაწოდოს უკრაინას შორი რადიუსის რაკეტები და რომ ისინი არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას. სააგენტო "როიტერს" სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა.

მიუხედავად ამისა, ჩერნევი, რომელიც ახლა უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ამბობს: "ჩემმა მეგობრებმა ბუნდგესტაგში ახლახანს მითხრეს, რომ მნიშვნელოვანმა საპარლამენტო ფრაქციებმა მიაღწიეს კონსესუსს, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი "ტაურუსის" რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით".

"დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით გერმანელ პარლამენტარებთან ერთად, რომ მხარდაჭერის გუნდი ჩამოგვეყალიბებინა და როგორც იქნა, ყინული დაიძრა. ოფიციალურ გადაწყვეტილებას ველით", - დაწერა დეპუტატმა თავის "ფეისბუქ" გვერდზე.

უკრაინა ცდილობს უზრუნველყოს დასავლეთისგან შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიღება, რათა საპასუხო დარტყმა მიაყენოს რუსეთს, რომელიც ასობით კილომეტრის დაშორებიდან ისვრის რაკეტებს და უკრაინის ინფრასტრუქტურას აზიანებს.

XS
SM
MD
LG