ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ფრონტზე ვითარება "უკიდურესად მძიმე და დაძაბულია"


რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინის დნიპროს, ხარკივის და ხერსონის რეგიონებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა 7 აგვისტოს. უკრაინის მხარის განცხადებით, სიტუაცია ფრონტის ხაზზე "უკიდურესად მძიმე და დაძაბულია".

ხერსონის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილის, რუსული დაბომბვის შედეგად, ერთი ქალი დაიღუპა, მამაკაცმა კი თავის არეში დაზიანებები მიიღო. ოფიციალური პირების თქმით, დაბომბვა შუაღამისას დაიწყო.

სულ მცირე, ორმა მაშველმა სიცხის დარტყმა განიცადა, ცხრასართულიან კორპუსში მაცხოვრებლების ევაკუაციის და ხანძრის ჩაქრობის პროცესში.

უკრაინულმა ძალებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის ნაწილი ნოემბერში დაიბრუნეს უკან. მაგრამ რუსული ჯარები აგრძელებენ ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვას მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროდან. თვის დასაწყისში ხერსონის საავადმყოფოს რუსული დაბომბვისას ექიმი დაიღუპა და მედდა კი დაიჭრა.

ოფიციალური პირების თქმით, 7 აგვისტოს რუსული მხარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის რეგიონის სასაზღვრო ნაწილებს დაესხა თავს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 50-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

კიევის შეფასებით, გასული კვირა "უკიდურესად მძიმე და დაძაბული" იყო, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში.

"მტერმა მთავარ მიმართულებად აღმოსავლეთი აირჩია. შეტევა იქ იანვრიდან რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს", - თქვა 7 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა. მისი თქმით, "გასულ კვირას აღმოსავლეთი იყო ბოლო საომარი მოქმედებების ეპიცენტრი“.

მალიარმა ასევე განაცხადა, რომ რუსულ ძალებს „სურთ დაიბრუნონ ტერიტორიები, რომლებიც დაკარგეს ხარკივის რეგიონში“.

რუსეთში, ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

დრონი საზენიტო თავდაცვის სისტემამ კალუგის პროვინციის ფერზიკოვსკის რაიონში ჩამოაგდო, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით 200 კილომეტრის დაშორებით, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ. ინციდენტს არ მოჰყოლია „არც ხალხის და არც ინფრასტრუქტურის დაზიანება“, - დაწერა მან „ტელეგრამზე“ 7 აგვისტოს.

რუსეთის ტერიტორიაზე, დრონებით თავდასხმები გასულ კვირებში გახშირდა, ძირითადად, მოსკოვსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ტყვეობიდან 22 სამხედრო პატიმარი გათავისუფლდა. ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 2600 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს ტყვეთა გაცვლის შედეგად.

პატიმართა გაცვლის შესახებ რუსეთის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

XS
SM
MD
LG