ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიშის თანახმად, წამება და სექსუალური ძალადობა რუსი ჯარისკაცების ჩვეული მეთოდები იყო


საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფმა დაადგინა, რომ უკრაინის სამხრეთში, ოკუპირებულ ხერსონში მოწყობილ სპეციალურ საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში რუსი სამხედროები უკრაინის მოქალაქეებს აწამებდნენ და მათზე სექსუალურად ძალადობდნენ.

"მართლმსაჯულების მობილური გუნდი" საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კერძო კომპანიის "გლობალური უფლებების დამორჩილების" მიერაა შექმნილი. ის ომის დანაშაულების უკრაინელ გამომძიებლებთან ერთად ხერსონში ნოემბრის შემდეგ მუშაობდა იმისთვის, რომ რვათვიანი ოკუპაციის დროს მომხდარი მოვლენები შეეფასებინა.

უკრაინა 97 000-ზე მეტ საქმეს განიხილავენ, რომელიც ომის დანაშაულებს უკავშირდება. შიდა სასამართლოებში უკვე შექმნილია საბრალდებო დოკუმენტები 220 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ. მაღალი რანგის ის პირები კი, რომლებიც ამ დანაშაულებს უკავშირდებიან, შესაძლოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლდნენ. ჰააგაში უკვე გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი.
კრემლი გამუდმებით უარყოფს, რომ მისი ჯარისკაცეები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან და ამბობს, რომ საომარი ოპერაციები უკრაინის "დენაციფიკაციისა" და რუსეთის დასაცავადაა საჭირო.
"მართლმსაჯულბის მობილური გუნდის" ბოლო ანგარიშის თანახმად, რომელიც ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ამერიკის ერთობლივი დაფინანსებით მომზადდა, 320 საქმეა განხილული, შეგროვებულია მოწმეთა ჩვენებები ხერსონის რეგიონის 34 ლოკაციიდან.
მსხვერპლებთან გასაუბრებების შემდეგ დადგინდა, რომ 43% ხაზგასმით ამბობდა, რომ დაკავების ცენტრებში წამება და სექსუალური ძალადობა რუსი ჯარისკაცების მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენეებული ჩვეული ტაქტიკა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უშუალოდ ამ განცხადებებზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
ივნისში უკრაინელმა პროკურორებმა პირველი საქმე გაასაჯაროვეს, რომელიც ხერსონიდან ათობით ობოლი ბავშვის, სავარაუდო, დეპორტაციას შეეხება და რუსი პოლიტიკოსი და ორი უკრაინელი ეჭვმიტანილი თანამზრახველობაში დაადანაშაულეს.

წლის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტო "როიტერიც" წერდა, რომ ხერსონში მასშტაბურად ხდებოდა მოქალაქეთა წამება. უკრაინის ხელისუფლების თქმით, სულ ცოტა, 200 ადამიანი იყო უკანონოდ დაკავებული. მსხვერპლები "როიტერის" ჟურნალისტებს უყვებოდნენ, რომ წამების მეთოდებს შორის იყო ელექტროშოკის გამოყენებაც და დახრჩობის იმიტაციაც.

საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფის დასკვნაში ნათქვამია, რომ ომის დანაშაულებათა სრული მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია და რომ გამოკითხულთაგან 36-მა დაკავებულმა თქვა, რომ დაკითხვისას მათ წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებდნენ, ხშირად გენიტალიებზეც. ასევე, ერთი მსხვერპლი იხსენებს, რომ მას აიძულეს ეყურებინა, როგორ აუპატიურებდნენ სხვა დაკავებულს. ანგარიშის თანახმად, დაკავებულთა დიდი ნაწილი, რომელთაც აწამებდნენ, სამხედრო პერსონალი იყო, ხშირად სამართალდამცავები, მოხალისეები, აქტივისტები, ადგილობრივი ლიდერები, სამედიცინო პერსონალი და მასწავლებლები.

გამომძიებელთა გუნდის ბრიტანელი ლიდერი ბარისტერ უეინ ჯორდაში ამბობს, რომ გათავისუფლებული რეგიონის დაკავების ცენტრების თაობაზე შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვლადიმირ პუტინის გეგმა უკრაინული იდენტობის განადგურებას ისახავდა მიზნად და ის დანაშაულთა ისეთ ფართო სპექტრს მოიცავს, რაც გენოციდზე მიანიშნებს.

XS
SM
MD
LG