ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: მოსკოვი "ცრუ დროშის" ოპერაციით, მინსკის ომში ჩართვას ცდილობს


ფოტო არქივიდან - მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ქალაქი მოზირი, ბელარუსი, 2020 წლის 4 იანვარი.
ფოტო არქივიდან - მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ქალაქი მოზირი, ბელარუსი, 2020 წლის 4 იანვარი.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა, რუსეთი „ცრუ დროშის“ ოპერაციის დაგეგმვაში დაადანაშაულა. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში, უწყება ამბობს, რომ რუსეთი გეგმავს ბელარუსის მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას, შემდეგ კი - ამაში უკრაინელი დივერსანტების დადანაშაულებას. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ეს წ.ე. „ცრუ დროშის“ ოპერაცია, არის რუსეთის მცდელობის ნაწილი, მინსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.

„ტელეგრამში“ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გეგმის მიხედვით, აღნიშნულ თავდასხმას, მოსკოვის მიერ ბელარუსში გაგზავნილი სამხედრო და სადაზვერვო ძალები განახორციელებს. უწყების მტკიცებით, ეს ძალები „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც პრიგოჟინის ხანმოკლე ამბოხის შემდეგ, რუსეთიდან ბელარუსში გააგზავნეს.

„რუსეთი გეგმავს უკრაინა დაადანაშაულოს იმაში, რაც თავად გააკეთა, რათა კიდევ ერთხელ შეეცადოს, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში, მინსკი ჩაითრიოს“ - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ, „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.

კიევს სათანადო მტკიცებულებები აღნიშნული განცხადებისთვის არ დაურთავს. უწყებისვე განცხადებით, მათი მტკიცება რამდენიმე წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება, მათ შორის, დატყვევებული რუსი სამხედროებისგან მიღებულ ინფორმაციას.

ბელარუსი, რომელსაც უკრაინასთან საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს, კრემლის ახლო მოკავშირეა. მოსკოვის ძალებმა, ბელარუსის ტერიტორია, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, კიევზე უშედეგო თავდასხმისთვის გამოიყენა. თუმცა, მინსკის ჯარები, ომში უშუალოდ არ მონაწილეობს.

უკრაინის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა მოსკოვსა და მინსკში.

XS
SM
MD
LG