ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ღამით რუსეთს დრონების მთელი კასკადით შეუტია, არის მსხვერპლი


პარასკევს, 17 მაისს, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ გასული ღამის განმავლობაში ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთისკენ დრონების მთელი ტალღა გაუშვა. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ხანძარი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს.

ეს, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა იყო და სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთის ძალები ფრონტის ხაზებზე წინ მიიწევს და 18 თვის განმავლობაში ყველაზე დიდ ტერიტორიულ წარმატებას აღწევს. ამ ფონზე, კიევი ცდილობს საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ნაკლებობას გაუმკლავდეს.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, მათ ღამის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთში, ანექსირებული ყირიმის და შავი ზღვის თავზე, უკრაინის 100-ზე მეტ საჰაერო და საზღვაო დრონს გადაუჭრეს გზა და გაანადგურეს ისინი.

ბელგოროდის გუბერნატორის განცხადების თანახმად, ერთი დრონი მოხვდა ოჯახს, რომელიც რუსეთის ბელგოროდის რეგიონის საზღვართან მანქანით მგზავრობდა.

სხვა დრონი სოფელ ბესსონოვკასთან ბენზინგასამართ სადგურს დაეცა და გუბერნატორის თქმით, მათ გაჩენილი ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს.

ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კრასნოდარის რეგიონის ქალაქ ტუაფსეშიც, ორი უკრაინული დრონი ნავთოგგადამამუშავებელ საწარმოს მოხვდა. მომხდარმა ადგილზე დიდი ხანძარი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

რუსების მიერ კონტროლირებულ სევასტოპოლში, მოსკოვის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა თქვა, რომ ქალაქში ენერგიის „ნაწილობრივი გამორთვა“ მოხდა მას შემდეგ, რაც ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ელექტროქვესადგურს დაეცა.

უკრაინას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, კიევი ადრე უარყოფდა, რომ მიზანში სამოქალაქო მოსახლეობას იღებდა.

დრონებით თავდასხმა მოხდა იმ დროს, როდესაც გასულ კვირაში საზღვრის მეორე მხრიდან წამოწყებული ახალი შეტევის შემდეგ, რუსეთის ძალები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაწინაურებას ცდილობს და ზოგან ფრონტის ხაზზე გარკვეულ წარმატებას აღწევს.

უკრაინამ სასაზღვრო ზონიდან თითქმის 9,000 სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოახდინა იმ დროს, როდესაც რუსეთი ვოვჩანსკისკენ და მიმდებარე სოფლებისკენ წინ მიიწევს.

XS
SM
MD
LG