ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთი მზადაა, თუკი დასავლეთს უკრაინისთვის ბრძოლა სურს" - ლავროვი


"თუკი დასავლეთს სურს ფრონტზე უკრაინისთვის ბრძოლა, რუსეთი ამისთვის მზადაა", - განაცხადაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ლავრვმა.

"ეს მათი უფლებაა, თუკი სურთ ბრძოლის ველზე იყვნენ, მაშინ ეს იქნება ბრძოლის ველზე", - ლავროვის კომენტარს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია" აქვეყნებს.

რუსეთმა ნატოსთან უშუალო კონფრონტაციის შესახებ გაფრთხილებები და მუქარა მას შემდეგ გააძლიერა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რამდენიმე თვის წინ, არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარის ნაწილები გარკვეულ ეტაპზე უკრაინაში გაიგზავნოს.

კრემლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნა უკიდურესად საახიფათო იქნება. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის წინაპირობაც კი გახდეს.

ლავროვი, რომელიც დაახლოებით ოცი წელია, ქვეყნის პირველი დიპლომატია, ამ თემაზე პარლამენტში დასამტკიცებლად საჭირო მოსმენაზე საუბრობდა. ის ვლადიმირ პუტინმა ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, ახალ კაბინეტში, პოსტზე თავიდან წარადგინა.

"რია" ასევე წერს, რომ ლავროვის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით მომდევნო თვეში, შვეიცარიაში, სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობს და ეს მოსკოვისთვის ულტიმატუმად გამოიყურება. მან ვითარება სკოლაში მოსწავლის დასჯას შეადარა, რომლის ბედსაც მასწავლებლები ისე წყვეტენ, რომ ის იმ ოთახში არ არის. "ასე არავის არ უნდა ელაპარაკო, განსააკუთრებით ჩვენ. კონფერენცია საბოლოოდ რუსეთისთვის ულტიმატუმამდე მიდის", - თქვა "რიას" თანახმად სერგეი ლავროვმა.

XS
SM
MD
LG