უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ “ნანატრი” F-16-ები უკრაინაშია და მისი გამოყენება უკრაინელმა მფრინავებმა უკვე დაიწყეს. ვოლოდიმირ ზელენსკი, დღესვე, აეროდრომზე იმყოფებოდა, სადაც შეხვდა მფრინავებს, რომლებიც F-16-ებს მართავენ.
“F-16-ები უკრაინაშია. ჩვენ ეს შევძელით. მე ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, რომლებიც მართავენ ამ თვითმფრინავებს და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის“, - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მის ფონზე კი ორი ამერიკული F-16-ი იყო განლაგებული.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობთ წერს, რომ F-16-ები უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა გავლენის მოხდენას შეძლებს მოწინავე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ბრძოლის ველზე.
ადგილი, სადაც დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა, მკაცრად არის გასაიდუმლოებული. მიზეზი რუსეთის სურვილია, გაანადგუროს უკრაინაში ჩასული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები მანამ, სანამ მათ გამოყენებას უკრაინა ბრძოლის ველზე შეძლებს.
უკრაინისთვის მოწინავე სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება ხანგრძლივი პროცესი იყო და ის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით შეჩერდა. როგორც დღეს ზელენკიმ თქვა, საბოლოო ჯამში, მუშაობამ შედეგი გამოიღო და 29 თვის თავზე, ამერიკული F-16-ები უკრაინაშია.
ამერიკული "ლოქიდ მარტინის" შექმნილი F-16 მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელია. თვითმფრინავი მარტივად სამართავი არ არის, რის გამოც უკრაინელი მფრინავების გადამზადება აქტიურად გრძელებდა.
ზელენსკიმ თქვა, რომ ამ ეტაპზეც გრძელდება უკრაინელი სამხედროების გადამზადება, რათა მათ შეძლონ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების მართვა. ახლა ეს მნიშვნელოვანია რადგან უკრაინა, უახლოეს პერიოდში, დამატებით, კიდევ რამდენიმე F-16ს მიიღებს.
„პოზიტიური ის არის, რომ ჩვენ ველოდებით დამატებით F-16-ებს. ახლა ჩვენი ბიჭები ვარჯიშობენ“, - ამბობს ზელენსკი.
Facebook Forum