უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორი იანუკოვიჩი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ხვდება. უკრაინის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის განრიგი ძირითადად მიეძღვნა იმ მოსამზადებელ დიპლომატიურ საქმიანობას, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ უკრაინა-ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრას უნდა უძღვოდეს წინ.
ამერიკის ხმის რუსულმა რედაქციამ ამასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა კიევში მდებარე სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს ანდრეი ერმოლაევს.
ერმოლაევმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში იანუკოვიჩი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება. უკრაინის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ევროკავშირთან საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ამ საკითხების სიაში უვიზო რეჟიმის შემოღება, ევროკავშირთან ასოციირებულ წევრობასთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმება, და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება შედის.
ანდრეი ერმოლაევს მიაჩნია, რომ უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმართვაზე რაიმე გავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, ევროპელები თანდათან ეჩვევიან იმას, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლების მოლაპარაკებების ტონალობა წინა მთავრობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. იანუკოვიჩის მთავრობა ბრიუსელთან მხოლოდ პარტნიორულად საუბრობს, მაშინ როცა წინა ხუთი წლის მანძილზე ევროპელებს უკრაინაზე გარკვეული სტერეოტიპები შეექმნათ იმის გამო, რომ იუშჩენკოს მთავრობა ევროპისგან ყოველთვის რაღაცას ითხოვდა. ამდენად ევროპაში უკრაინის ნეგატიური სტერეოტიპი შეიქმნა როგორც სუსტი ქვეყნისა, რომელსაც დახმარება სჭირდება. ახლა კი კიევი რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს, ხოლო ევროკავშირს უკრაინასთან თანამშრომლობის პროგრამის შენარჩუნება სურს, რომელიც 10-15 წელიწადში ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობას შესაძლებელს გახდის.
რაც შეეხება უკრაინულ მედიაში ჟურნალისტების უფლებების დარღვევას, ერმოლაევს მიაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჟურნალისტების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტები ფაქტობრივად საზოგადოებრივ მოღვაწეებად გადაიქცნენ და პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთვნენ.
უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველი ალექსეი გოლობუცკი კი ფიქრობს, რომ ბრიუსელში ვიქტორ იანუკოვიჩის ოფიციალური ვიზიტის დროს ევროკავშირი უკრაინაში აზრის გამოთქმის თავისუფლების შეზღუდვას უთუოდ გააპროტესტებს.
გოლობუცკი აღნიშნავს, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას მშვენივრად ესმის, რომ საერთაშორისო კრედიტების მიღება, ევროპული ინვესტიციების მოზიდვა და ბუნებრივი აირის კონსორციუმში დასავლეთის მონაწილეობა - ყოველივე ეს იმის გარანტიას იძლევა, რომ დასავლეთი უკრაინაში აზრის თავისუფლების შეზღუდვაზე თვალებს არ დახუჭავს. ამდენად იანუკოვიჩის ვიზიტი უკრაინის ახალი მთავრობისადმი ევროკავიშირის ნდობის ხარისხს გამოამჟღავნებს.
გოლობუცკის აზრით, ბრიუსელის მიერ უკრაინის ახალი მთავრობის შეფასებაში სამი უკრაინული ტელეარხის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები ისევე როგორც ხარკოველი ჟურნალისტის გაუჩინარება აუცილებლად ასახული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები უკრაინის ახალი პოლიტიკური გუნდის საქმიანობას ჯერ-ჯერობით დადებითად აფასებენ, აღნიშნავს უკრაინელი პოლიტოლოგი ევგენი ფილინდაში. მისი თქმით, უკრაინის საგარეო პოლიტიკაში არც აღმოსავლური და არც დასავლური პრიორიტეტი არ შეინიშნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გლობალური ძალების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ პრაგმატულ ინტერესზე აიგება და არა პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე.