ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექსპერტი უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება


შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკურ საკითხთა უფროსი მკვლევარი ბატონი დევიდ კრამერი
შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკურ საკითხთა უფროსი მკვლევარი ბატონი დევიდ კრამერი

გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარს დევიდ კრამერს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების კონცენტრაციას შეუწყობს ხელს

გასულ პარასკევს, 1 ოქტომბერს, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ძალაუფლება პარლამენტის ხარჯზე გაიზრდება. თავისი გადაწყვეტილებით უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წელს სამთავრობო სტრუქტურებში ჩატარებული რეფორმები გააუქმა. ხსენებული რეფორმების არსი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ძალაუფლების განაწილებაში მდგომარეობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ იგი უფრო მეტი ცვლილების მომხრეა და ამ მიზნით სახალხო რეფერენდუმზე ახალი კონსტიტუტციის გამოტანას აპირებს.

მომხდართან დაკავშირებით ამერიკის ხმის უკრაინულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარს ბატონ დევიდ კრამერს, რომელიც ცოტა ხანში არასამთავრობი ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია Freedom House-ში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. მისი თქმით:

„ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ არეულობას გამოიწვევს რადგან ის გარკვეულ კითხვებს ბადებს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი თავის სასარგებლოდ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას ცდილობს. ბევრს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ისედაც შეინიშნება. ამას გარდა ამ გადაწყვეტილების მიღება ბადებს კითხვებს, რომელიც წინა ანუ იუშჩენკოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და კონსტიტუციურობას უკავშირდება. გაჩნდება კითხვები ამჟამინდელ მთავრობასთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით მმართველი კოალიციის ფორმირებასა და ცალკეული სამთავრობო დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული რომ შედეგად ხარკოვში ხელმოწერილი რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდების სანაცვლოდ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დისლოცირების გაგრძელების შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ანუ ის ჰქონდა თუ არა პრეზიდენტ იანუკოვიჩს ხსენებული ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი შესრულების უფლება. ამდენად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის უკრაინის პარლამენტის რადას შესახებ. მაგალითად, ის თუ რა ხანგრძლივობის უნდა იყოს რადას ვადა ან როდის უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები. ზოგადად შემიძლია განვაცხადო ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უკრაინის პოლიტიკური მომავალი მოკლევადიან პერსპექტივაში გაურკვევლობით იქნება მოცული.“

კრამერს მიაჩნია, რომ უკრაინაში პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია სახელმწიფო მოხელეთა ვიწრო წრეში საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას გამოიწვევს. ბევრს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლების პარიტეტული განაწილების დამაბალანსებელი მექანიზმები იმსხვრევა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანა საპარლამენტო სისტემიდან, რომელიც 2004 წლის კონსტიტუციას უკავშირდება, თანდათან გადადის საპრეზიდენტო მოდელზე, რომელიც დაცულია 1996 წლის კონსტიტუციაში. ამასთან დაკავშირებით კრამერმა აღნიშნა:

„ყოველივე ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლების განაწილების დამაბალანსებელ მექანიზმებს უგულვებელყოფს, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების კონცენტრაციას შეუწყობს ხელს. ეს კი უდავოდ შემაშფოთებელია. ამის ნიშნები უკვე სახეზეა. რადა ბევრად უფრო მართვადი გახდა ვიდრე ეს იყო წინა ხუთი წლის მანძილზე.“

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აგრეთვე გამოეხმაურა შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი. თავის განცხადებაში მაკეინმა კერძოდ აღნიშნა:

„უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალზედ შემაშფოთა რადგან მას შეიძლება ძალაუფლების ცენტრალიზაცია და დემოკრატიის დასუსტება მოჰყვეს უკრაინაში. გასული ექვსი წლის მანძილზე უკრაინა დემოკრატიისკენ მიაბიჯებდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს ძირს უთხრის და ნარინჯისფერი რევოლუციის დაპირებების ღალატს წარმოადგენს.

მე იულია ტიმოშენკოს გავესაუბრე და მან მომახსენა, რომ უკრაინის მშვიდობიანი პოლიტიკური ოპოზიცია მოახლოვებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე მზარდ ზეწოლას განიცდის. მე მას მოვუწოდე განაგრძოს მუშაობა უკრაინის დემოკრატიული განვითარების საკეთილდღეოდ. ამას გარდა მე აგრეთვე მის მომხრეებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს მხარდაჭერა გამოვუცხადე. შეერთებული შტატები ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან ერთად უკრაინელებს უნდა დაეხმაროს რათა მათ სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას ძლიერი, აყვავებული, და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ჰქონდეს.“

XS
SM
MD
LG