ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექსპერტები ყირიმში სეპარატიზმის საფრთხეზე მსჯელობენ


ჯეიმსტაუნის ფონდში 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე "ყირიმი: ევროპის შემდეგი ცხელი წერტილი?" შენიშვნებით აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში ვილიამ ტეილორი გამოვიდა
ჯეიმსტაუნის ფონდში 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე "ყირიმი: ევროპის შემდეგი ცხელი წერტილი?" შენიშვნებით აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში ვილიამ ტეილორი გამოვიდა

პარასკევს 5 ნოემბერს ვაშინგტონში მდებარე ჯეიმსტაუნის ფონდში გაიმართა შეხვედრა თემაზე "ყირიმი: ევროპის შემდეგი ცხელი წერტილი?"

პარასკევს, 5 ნოემბერს, ვაშინგტონში მდებარე ჯეიმსტაუნის ფონდში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ყირიმი: ევროპის შემდეგი ცხელი წერტილი?“ შეხვედრა მიეძღვნა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარისა და უკრაინის საკითხების ექსპერტის ბატონ ტარას კუციოს ანალიტიკურ ნაშრომს ამავე სახელწოდებით.

თავის გამოსვლაში კუციომ აღნიშნა,რომ 31 ოქტომბერს უკრაინაში გამართულ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებს დასავლეთისა და კერძოდ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან აშკარად უარყოფითი რეაქვია მოჰყვა. კუციოს მიაჩნია, რომ უკრაინის მედიაში ბოლო ხანებში გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში პუტინიზმისკენ მიმართული ტენდენციები შეინიშნება. ამდენად ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის თუ როგორ გამოეხმაურება უკრაინის პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლების პუტინიზმისკენ მიმართულ სვლებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ უკრაინის ნაციონალისტურმა თავისუფლების პარტიამ ქვეყნის დასავლეთ გალიციის რეგიონში ადგილობრივ არჩევნებში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა, რაც გარკვეული თვალსაზრისით უკრაინელი ხალხის მხრიდან იანუკოვიჩის მთავრობის პრო-რუსულ პოლიტიკაზე მოსალოდნელ რეაქციაზე მიგვითითებს.

„ყირიმი რასაკვირველია იანუკოვიჩის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უფრო ფართო სურათის მხოლოდ ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება იმის კითხვა, რომ თუ უკრაინელების უმრავლესობა იუშჩენკოს საგარეო პოლიტიკას ანტი-რუსულად აღიქვამდა, მაშინ ახლა იანუკოვიჩის პოლიტიკას უკრაინელების უმრავლესობა პრო-რუსულად აღიქვამს,“ აღნიშნა კუციომ.

თავის ანალიტიკურ ნაშრომში მოცემული დასკვნების შეჯამებისას კუციომ ყურადღება რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე გაამახვილა. მისი თქმით:

„შავი ზღვის ფლოტი ყირიმსა და ზოგადად უკრაინაში დესტაბილიზაციის წყარო იყო და დარჩება. ვფიქრობ ამ მოსაზრებას იანუკოვიჩის გარდა დამოუკიდებელი უკრაინის ყველა პრეზიდენტი იზიარებდა. ამას გარდა უკრაინის შემდგომი დემოკრატიული განვითარება სევასტოპოლში რუსეთის გრძელვადიან გავლენას საფრთხეს უქმნის. წელს რუსეთმა პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან მოსალოდნელზე უფრო მეტი მიიღო. ამდენად რუსეთის გრძელვადიან ინტერესებში შედის ის, რომ იანუკოვიჩმა პრეზიდენტობის სავარძელი მაქსიმალურად დიდ ხანს შეინარჩუნოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აწყობს ის, რომ უკრაინა თანდათან ჯერ მართვად დემოკრატიად ხოლო შემდგომში კი ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.“

რაც შეეხება ყირიმში სეპარატისტულ ტენდენციებს, თავის დროზე პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ 1990-იან წლებში სადაზვერვო საქმიანობისა და ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გამოყენებით ყირიმში სეპარატიზმი ჩაახშო. მაგრამ 2004 წელს ვიქტორ იუშჩენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყირიმის სეპარატიზმის გაღვივებას იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ და ვლადიმირ პუტინის რუსეთმა შეუწყვეს ხელი.

„ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის კულმინაცია მოხდა 2008 წლის სექტემბერში, როცა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ყირიმის პარლამენტმა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. მართალია უკრაინის პარლამენტშიც ამგვარი ზომის მიღების მცდელობა დაფიქსირდა, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ყირიმის პარლამენტი გახლდათ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა,“ აღნიშნა კუციომ.

კუციოს მოხსენებასთან დაკავშირებით თავისი კომენტარით გამოვიდა შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან არსებული პოსტ-კონფლიქტური მშვიდობისა და სტაბილურობის ოპერაციების ცენტრის ვიცე პრეზიდენტი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ბატონი ვილიამ ტეილორი. მან კერძოდ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის ისევე როგორც ზოგადად დასავლეთის ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებს შორის ყირიმი უდავოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. რაც შეეხება ყირიმში შესაძლო დესტაბილიზაციის სცენარების განვითარებასა და მათზე შეერთებული შტატების მთავრობის საპასუხო რეაგირების ფორმულირებას ტეილორმა აღნიშნა:

„საქართველოს გამოციდლებიდან ჩვენ გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ. საქართველოში იყვნენ გარკვეული ლიდერები, ვინც ფიქრობდნენ, რომ იყო იმის შანსი, რომ ამერიკელები მათ დაეხმარებოდნენ. როგორც შემდგომში გაირკვა ეს ასე არ მოხდა. უკრაინისა და ყირიმის შემთხვევაში ჩვენ გარკვევით უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ კიევს დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდა და შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებს მის მიმართ თავდაცვითი ხასიათის ხელშეკრულებით ნაკარნახევი ვალდებულებები ექნება. სხვაგვარად უკრაინამ არც უნდა იფიქროს იმაზე, რომ ჩვენ ყირიმის დასაცავად მათ სამხედრო ძალებს გამოვუყოფთ. განსაკუთრებით თუ ისინი იმ მახეში გაებნენ, რომელშიც თავის დროზე სააკაშვილი აღმოჩნდა, როცა იგი პროვოკაციებს წამოეგო.“

ბატონ ტეილორს მიაჩნია, რომ სიმფეროპოლში შეერთებული შტატების საკონსულოს გახნსა კარგი დემონსტრაცია იქნებოდა იმისა, რომ ამერიკა უკრაინის ამ რეგიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. დასავლეთის მხრიდან ყირიმში შესაძლო დაძაბულობისთვის მომზადების კონტექსტში 1994 წელს ბუდაპეშტში გაფორმებული მემორანდუმის დებულებებთან დაკავშირებული დისკუსიების გამართვა აგრეთვე მიზანშეწონილი იქნებოდა. როგორც ცნობილია ხსენებული მემორანდუმის ფარგლებში უკრაინიდან ბირთვული შეიარაღების გატანის სანაცვლოდ კიევმა ხუთი ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოსგან, შეერთებული შტატების ჩათვლით, საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები მიიღო.

ბრიფინგის დასასრულს ამერიკის ხმის კითხვაზე თუ რამდენად ეფექტურად აგრძნობინა ობამას ადმინისტრაციამ რუსეთის მთავრობას, რომ ყირიმსა თუ უკრაინის სხვა რეგიონებში ჩარევას „გადატვირთვაზე“ უარყოფითი გავლენა მოჰყვება, ტეილორმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„არა მგონია. მე ჯერ-ჯერობით ამის დამამტკიცებელი რაიმე მინიშნება არ მინახავს. სხვათა შორის, ამ მხრივ არც წინა ადმინისტრაციას გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში აქ, რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ბუდაპეშტში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ბირთვული შეიარაღებისგან ნებაყოფლობითი გათავისუფლების სანაცვლოდ უკრაინის უსაფრთხოების მიმართ ჩვენ ისვე როგორც რუსებს გარკვეული ვალდებულებები დაგვეკისრა. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და რუსებისგან იგივეს ველით. თუმცა როგორც ამჟამინდელს ისე წინა ადმინისტრაციებს ამ მიმართულების უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ.“

XS
SM
MD
LG