ორშაბათს, უკრაინის მექრთამეობის საწინააღმდეგო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს სისტემაში ფართომასშტაბიანი კორუფციის საქმეს იძიებს და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დივანზე აკურატულად დალაგებული დოლარების გროვაა აღბეჭდილი.
ეროვნულმა ანტი-კორუფციულმა ბიურომ კორუფციაში ბრალდებულად არავინ დაასახელა, მაგრამ ადგილობრივი მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს ეჭვის საფუძველზე, რომ მან 3 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო.
სააგენტო „როიტერმა” ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
ქვეყნის მექრთამეობის საწინააღმდეგო სააგენტომ დოლარების ფოტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ფულის აღმოჩენა ეროვნული ანტი-კორუფციული ბიუროს და საგანგებო ანტი-კორუფციული პროკურორის ოფისის გამოძიებების კვალდაკვალ მოხდა.
„ეროვნულმა ანტი-კორუფციულმა ბიურომ და საგანგებო ანტი-კორუფციულმა პროკურორმა უზენაეს სასამართლოში ფართომასშტაბიანი კორუფცია გამოავლინეს, კერძოდ - უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობის და მოსამართლეების მიერ ქრთამების მიღების სქემა. მიმდინარეობს საგანგებო საგამოძიებო მოქმედებები,“ ნათქვამია ბიუროს შეტყობინებაში.
ადგილობრივმა ახალი ამბების ვებ-გვერდმა „ზერკალო ტიჟნიამ“ და „უკრაინსკა პრავდის“ ინტერნეტ გამოცემამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოაცხადეს, რომ კნიაზევი დააკავეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუზიარებიათ.
„როიტერმა“ ჩვეულებრივი სამუშაო საათების შემდეგ კნიაზევთან კომენტარისთვის დაკავშირება ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო.
„ზერკალო ტიჟნიამ“ მოახდინა თავისი წყაროს ციტირება, რომელიც ამბობს, რომ ფულის წყარო უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს მხარდამჭერები არიან. დეკემბერში, ჟევაგო კიევის თხოვნით - გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით - საფრანგეთში დააკავეს. ბიზნესმენმა სასამართლოს განუცხადა, რომ მართლსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და მისი ექსტრადაცია არ უნდა მოხდეს.