ვაშინგტონი კიევს დამატებით 200 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის. გადაწყვეტილება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 12 მარტს მიიღო.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ავტორიზაციით, დამატებით $200 მილიონის სამხედრო დახმარება უკრაინას "დაუყოვნებლივ" გაეგზავნება. დახმარების ფარგლებში შევა მცირე ზომის შეიარაღება, ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღი.
2021 წლის იანვრიდან დღემდე უკრაინამ ამერიკისგან 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო, 2014 წლიდან დღემდე კი 3.2 მილიარდ დოლარამდე.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ „დიდ გამბედაობას, უნარს და ნებას იჩენენ“. გარდა სამხედრო დახმარებისა, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი კიევს ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაუწევს.
„აშშ და მოკავშირე ქვეყნები სოლიდარულები არიან უკრაინელი ხალხისა და მთავრობისადმი, კრემლის აგრესიის წინაშე,“- თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. აქვე მან დაამატა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი პოზიცია აქვს, რომ [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის] პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განაახლა, მესამე კვირის ათვლა დაიწყო. ამ დრომდე შეტაკებები გრძელდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს დღემდე „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და რუსულ მედიას "ომის" ხსენებას უკრძალავს.
რუსული ავიაცია უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. იბომბება საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლებიც.
უკრაინა დასავლეთისგან საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ითხოვს, რაზეც ნატო უარს აცხადებს. პარალელურად, კიევი ამბობს, რომ სჭირდებათ სამხედრო თვითმფრინავები, რაზეც მუშაობა გრძელდება. კიევში ამბობენ, რომ მათ ასევე სჭირდებათ "ჯაველინები" და "სტინგერები", რომლებიც რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოიყენება.
ვაშინგტონი კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაგრძობს. პენტაგონის განცხადებით, ბოლო სამხედრო დახმარება რომელიც უკრაინამ მიიღო, მოიცავდა ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღებსა და საზენიტო სისტემებს.
გასულ კვირას ამერიკის კონგრესმა უკრაინისათვის 13.6 მილიარდი ამერიკული დოლარის გადაუდებელი დახმარების აქტი დაამტკიცა. წლის ბოლომდე შესაძლოა უკრაინამ ამერიკისგან საერთო ჯამში 1.5 ტრილიონი ამერიკული დოლარის დახმარებაც მიიღოს.
Facebook Forum