ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზავნილი ვაშინგტონიდან: ისტორიულ მომენტში უნდა აირჩიო ახალი "რკინის ფარდის" რომელ მხარეს იდგები


მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 10 მარტი
მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 10 მარტი

ეს არის გადამწყვეტი მომენტი ისტორიაში, როცა ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს ურაინას და დაგმოს რუსეთის ძალადობა, - ასეთია შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის და კანონმდებლების პოზიცია უკრაინაში რუსეთის ხელმეორე შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

განვითარებულმა დემოკრატიებმა რუსეთს უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები დაუწესეს, რომელთა შედეგებიც რუსეთის ეკონომიკას წლების განმავლობაში დიდ ზიანს მიაყენებს. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს.

საქართველო არსებულ სიტუაციაში ფრთხილად პოზიციონირებს, რის შესახებაც ვაშინგტონში კანონმდებლები და ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც საუბრობენ. სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საქართველოს ახლა აქვს შესაძლებლობა გაერთიანდეს ქვეყნის შიგნით და იმოქმედოს უკრაინელ ხალხთან სოლიდარულად.

სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა „საქართველოს აქვს შესაძლებლობა შექმნას ეროვნული ერთობა და იმოქმედოს სოლიდარულად უკრაინელ ხალხთან საერთო აგრესორის წინააღმდეგ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფორმალური განაცხადით საქართველომ ნათლად აჩვენა თავისი პროდემოკრატიული მისწრაფებები, რომ ააშენოს საკუთარი მომავალი დასავლეთთან. მე გავაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას საჭირო რეფორმების დაწინაურებაში იმისთვის, რომ მათი ევროატლანტიკურ მისწრაფებები რეალობად იქცეს“.

საქართველოს აქვს შესაძლებლობა შექმნას ეროვნული ერთობა და იმოქმედოს სოლიდარულად უკრაინელ ხალხთან საერთო აგრესორის წინააღმდეგ.
სენატორი ჯინ შაჰინი

დემოკრატი სენატორი ასევე დასძენს, რომ საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის სამხედრო აგრესია, თუმცა ეს არის გადამწყვეტი მომენტი ისტორიაში, როცა მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს „პუტინის საზარელი ძალადობა“. სენატორის თქმით, „საქართველო კარგად იცნობს კრემლის ძალადობასა და აგრესიას. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, რომელიც მან უკანონოდ დაიპყრო 2008 წელს. პუტინი უკრაინაში ამ დამანგრეველი შეჭრის განსახორციელებლად იმავე სახელმძღვანელოს იყენებს. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ისტორიაში იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ ღირებულებებს და მტკიცედ დაგმონ პუტინის საზარელი ძალადობა და საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფა“.

საქართველოს პოზიციაზე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმაც ისაუბრა “მთავარი არხის“ შეკითხვაზე პასუხისას. მისი თქმით, „ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში... ეს ის ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსეთის დაპყრობითი ომის მსხვერპლი“. პრაისმა ასევე დასძინა, რომ "ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს მთელს მსოფლიოში, მხარი დაუჭირონ უკრაინას და ამ [დემოკრატიულ და საზღვრების ხელუხლებლობის] ღირებულებებს“.

ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს და რუსეთის მიერ სამოქალაქო სამიზნეებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს. თუმცა, რუსეთის აგრესიის დასაგმობად ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო დონეზე მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საუბრობენ აქტიურად.

უნდა გადაწყვიტო ახალი რკინის ფარდის რომელ მხარეს ხარ, რადგან ეს სწორედ ახალი რკინის ფარდაა.
ანდერს ასლუნდი

ამ მიდგომას მთავრობა რუსეთის არ გაღიზიანების პრინციპით ხსნის ქვეყნის მორიგი რუსული სამხედრო აგრესისგან დასაცავად. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციას, რომელიც მთავრობას უფრო მეტის გაკეთებას სთხოვს, საქართველოს ომში ჩართვა სურს, ოპოზიცია კი მთავრობას რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებს და პრო-რუსულობაში სდებს ბრალს.

ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ფრთხილი პოზიციონირება, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, მათთვის გასაგებია. განსხვავებული მოსაზრება აქვს მკვლევარ ანდერს ასლუნდს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, მან თქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როცა „უნდა გადაწყვიტო ახალი რკინის ფარდის რომელ მხარეს ხარ, რადგან ეს სწორედ ახალი რკინის ფარდაა“.

XS
SM
MD
LG