ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში დამატებით ძალებს გზავნის და კიევთან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს


რუსეთის ჯარი უკრაინის დედაქალაქს უახლოვდება. 12 მარტს კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით შეტაკებები უფრო ინტენსიური გახდა. ამ ფონზე, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ძალების დიდი ნაწილი უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან 16 კილომეტრით არის მოშორებული და კიევისკენ მიიწევს.

შაბათს დილას კიევთან ერთად, უკრაინის რამდენიმე ქალაქში განგაშის ხმები ისმოდა, რომლებიც მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში დამატებით ძალებს გზავნის. მან ასევე განაცხადარ, რომ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდის. სატელევიზიო გამოსვლაში ზელენსკიმ რუსეთს მოუწოდა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა ხალხის ევაკუაცია მოხერხდეს ქალაქ მარიუპოლიდან.

უკრაინის საკითხებში გაეროს კრიზისების კოორდინატორი აცხადებს, რომ მის უწყებას სურს მიაღწიოს შეთანხმებას ორ მხარეს შორის, რათა დაწესდეს დერეფნები აუცილებელი დახმარების ჩასატანად. ამინ ავადმა სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" 12 მარტს უთხრა, რომ დერეფნების საკითხთან მიმართებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა დასძინა, რომ მათი ამოქმედება სწრაფად ვერ ხერხდება.

კიევის რეგიონის გუბერნატორის თქმით, შეტაკებები და რუსეთის საჰაერო დარტყმების მუქარა ძალაში რჩება ევაკუაციის მცდელობების დროსაც. მარიუპოლში ვერ ხერხდება ქალაქში მომწყვდეული მოსახლეობისთვის წყლის და საკვების მიწოდება.

გაეროს ჰუმანიტარული ოფისის განცხადებით, მარიუპოლში მყოფი ხალხი სასოწარკვეთილია. „არის ცნობები მაროდიორობასა და ძალადობრივ კონფრონტაციებზე სამოქალაქო პირებს შორის, იმ მცირე აუცილებელი რესურსების გარშემო, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია ქალაქში“, - წერს ჰუმანიტარული საკითხების ოფისი 12 მარტს და დასძენს: „იწურება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების საწინააღმდეგო წამლების მარაგი, საავადმყოფოები მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს, ქალაქში საკვების და წყლის დეფიციტია“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ძალებმა 12 მარტს მარიუპოლში ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთს, რომელსაც თავს აფარებდა 80-ზე მეტი ზრდასრული და ბავშვი, მათ შორის თურქეთის მოქალაქეები. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

უკრაინაზე რუსეთის შეტევიდან 12 დღეში მარიუპოლში დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 1,500 ადამიანს, - იუწყება ქალაქის მერის ოფისი. განცხადების თანახმად, სროლა მასობრივი საფლავების გათხრას შეუძლებელს ხდის, და „დაღუპულები დასაფლავებულიც კი არ არიან“.

მარიუპოლის სამშობიარო სახლზე განხორციელებულმა სისხლიანმა იერიშმა მიმდინარე კვირაში გამოიწვია საერთაშორისო აღშფოთება და განაცხადები, რომ ეს მოქმედება ომის დანაშაულს უტოლდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ უკრაინაში იერიში მიტანილია 29 საავადმყოფოსა თუ კლინიკაზე, რასაც ემსხვერპლა 12 ადამიანი, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს ორი წარმომადგენელი, დაიჭრა კიდევ 34 პირი.

უკრაინის წარმომადგენლები რუსეთს ბრალს სდებენ ონკოლოგიური საავადმყოფოს და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მძიმე არტილერიით დაზიანებაში სამხრეთის ქალაქ ნიკოლაევში.

სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ მელიტოპოლში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა ქალაქის მერის გათავისუფლების მოთხოვნით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ის ქალაქიდან რუსეთის ჯარისკაცებს გაჰყავთ.

უკრაინის წარმომადგენლები 11 მარტს აცხადებდნენ, რომ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი რუსეთის ძალებმა გაიტაცეს, მისი ტერორიზმში დადანაშაულების შემდეგ. ზელენსკი მის გატაცებას უწოდებს „ტერორის ახალ სტადიას“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის 12 მარტს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელეპარაკა რუსეთზე ზეწოლის განხორციელების თაობაზე საიმისოდ, რომ მან გაათავისუფლოს მელიტოპოლის მერი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა დატოვა 2,5-მა მილიონმა ადამიანმა.

ორი კვირის განმავლობაში უკრაინის არმიის მიერ გაწეული ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე, კრემლის ძალები ადგილზე ცდილობენ გადაჯგუფებას და უპირატესობის მოპოვებას.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს თავისი ძალების გადატვირთვას და გადაადგილებას, კიევზე შეტევისთვის მზადების პროცესში. 12 მაისს გამოქვეყნებულ ცნობებში სამინისტრო ამბობს, რომ შეტაკებები გრძელდება დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და მარიუპოლი ალყაში რჩებიან, რუსეთის მძიმე საარტილერიო ცეცხლის პირობებში.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მდიდარი ქვეყნების ჯგუფთან, დიდ შვიდეულთან (G7) ერთად, ვაშინგტონი რუსეთს ჩამოართმევს „ნორმალური სავაჭრო კავშირების მუდმივ“ სტატუსს, რუსეთის რეჟიმის დასჯის მიზნით უკრაინაში შეჭრის გამო. „თავისუფალი სამყარო ერთიანდება პუტინთან დასაპირისპირებლად“, - აცხადებს ბაიდენი.

XS
SM
MD
LG