რუსეთმა დღეს გამოაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლს დროებით შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ალყაშემორტყმული ქალაქების დატოვება შეძლოს. თუმცა, უსაფრთხო დერეფნების გახსნის მხრივ, პროგრესის ნიშნები ადგილზე მინიმალურია. ასობით ათასი უკრაინელი ჯერ კიდევ ბლოკადაში იმყოფება სასმელი წყლის, გათბობის, წამლის და საკვების გარეშე.
დილით ევაკუაცია დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუმიდან. მოსახლეობა ქალაქს დასავლეთით, ქალაქ პოლტავისკენ ავტომობილებით ტოვებდა. ენერჰოდარში, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ადგილზე, რომელიც გასულ კვირაში რუსეთის ძალებმა დაიკავეს, ქალაქის მერი ამბობს, რომ ხალხს ავტობუსებით გაიყვანენ და იქ ჰუმანიტარული დახმარება შევა.
თუმცა, შუადღისთვის დღეს არცერთი სხვა უსაფრთხო დერეფნის ამუშავების ნიშანი აღარ დაფიქსირებულა, მათ შორის, არც მარიუპოლიდან, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის თქმით, სიტუაცია ყველაზე საგანგაშოა. უკრაინის სამხრეთში, აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე პორტი მარიუპოლი, კვირაზე მეტია რუსეთის არმიის და რუსეთის მიერ კონტროლირებული სეპარატისტული ძალების მხრიდან ალყაში იმყოფება. "წითელი ჯვარი" იქ შექმნილ სიტუაციას "აპოკალიპტურს" უწოდებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 44-მილიონიანი ქვეყნის დატოვება დაახლოებით 2-მა მილიონმა ადამიანმა შეძლო. ისინი უმეტესად პოლონეთში და რუმინეთში გადადიან. მოსკოვი დღემდე უარს ამბობს, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო კამპანიას ომი დაარქვას და მას "ნეონაცისტების" წინააღმდეგ მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
Facebook Forum