პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირთან და დიდ შვიდეულთან ერთად, რუსეთს „ფავორიტი ქვეყნის“ სავაჭრო სტატუსს შეუჩერებს. სტატუსის შეჩერება შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს საშუალებას მისცემს, რუსულ იმპორტზე ტარიფები დააწესონ და გაზარდონ რუსული ეკონომიკის იზოლაციის მასშტაბი.
ბაიდენის განცხადებით, იკრძალება აშშ-ში რუსული არყის, ზღვის პროდუქტის და ბრილიანტების იმპორტი.
„[ვლადიმირ] პუტინი აგრესორია. და პუტინმა უნდა გადაიხადოს საფასური“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც პარასკევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აქამდე კონგრესის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, რათა ვაშინგტონს შეეწყვიტა "მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები“ რუსეთთან. რუსეთის მიმართ ეკონომიკური ზომების უფრო გამკაცრება მოითხოვა, უკრაინის პრეზიდენტმაც, კონგრესისადმი მის მიმართვაში. ამ ნაბიჯს ახლა უკვე მხარი თავად ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა დაუჭირონ.
რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტს. ვაშინგტონი მუშაობს ნავთობ-მწარმოებელ ქვეყნებთან, რათა მოხდეს რეზერვების გახსნა, და თავიდან იქნას არიდებული ნავთობზე ფასის რადიკალური ზრდა.
დღეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გადაიხდის „მაღალ საფასურს“ თუ მოსკოვი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები აქამდე გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ რუსეთის გეგმა სწორედ ქიმიური იარაღის გამოყენებაა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გაზრდის რუსი ოლიგარქების სიას, რომელთაც სანქციები დაუწესდებათ და ასევე აკრძალავს ძვირადღირებული პროდუქტების ექსპორტს რუსეთში. 2019 წლის მონაცემებით, რუსეთი 26-ე იყო ამერიკასთან ნედლეულით მოვაჭრე ქვეყნებს შორის. ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს 28 მილიარდი შეადგინა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით.
თეთრი სახლის თქმით, დიდ შვიდეულთან ერთად, რუსეთს ასევე დაუწესებენ შეზღუდვას მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსებზე.
„ეს არის უახლესი ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვდგამთ, თუმცა, ეს არ არის ბოლო ნაბიჯები“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ხუთშაბათს რუსეთმა საპასუხოდ ქვეყნიდან ტელეკომის, სამედიცინო, ავტო, სასოფლო-სამეურნეო, ელექტრო და ტექ-მოწყობილობების ექსპორტი აკრძალა.
დასავლეთის ნაბიჯები რუსულ ეკონომიკისთვის დამანგრეველი დარტყმაა . მსოფლიო სავალუტო ფონდის გათვლებით, წელს რუსეთის ეკონომიკა „ღრმა რეცესიაში“ ჩაეშვება. მოსკოვი მთავარი ექსპორტიორია ბუნებრივი გაზის, ნავთობის, სპილენძის, ალუმინის და სხვა მნიშვნელოვანი ნედლეულის, და 2020 წელს გლობალურ ვაჭრობაში რუსეთის წილი 1,9% იყო.
.