ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეკონომიკა 1946 წლის შემდეგ, გასულ წელს ყველაზე უარეს მდგომარეობაში იყო


ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით შეიკუმშა. პანდემიამ ბიზნესები განსაკუთრებით მომსახურების სხვადასხვა მიმართულებით დააზარალა: რესტორნები, ავიახაზები თუ სხვა. მილიონობით ამერიკელი კოვიდ-19-ის გავრცელების შეზღუდვის გამო დაწესებული კარანტინების შედეგად, სამსახურის გარეშე და სიღარიბეში აღმოჩნდა.

ვაჭრობის დეპარტამენტმა ხუთშაბათს წლის მეოთხე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც გაუმჯობესების ნიშნებიცაა. ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს ფედერალური რეზერვიც.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეკონომიკური აღდგენის გეგმა წარმოადგინა, რომელიც 1.9 ტრილიონი დოლარით მოქალაქეებისა და ბიზნესების დახმარებას გულისხმობს. მან მთლიანი შიდა პროდუქტის ეს მონაცემები შესაძლოა იმ რესპუბლიკელი კანონმდებლების დასარწმუნებლადაც გამოიყენოს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გასულ თვეში მიღებული 900 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის შემდეგ, 2 ტრილიონამდე დოლარის პაკეტის დამტკიცება ნაადრევია.

ეკონომიკა 2020 წელს 3.5 %-ით შეიკუმშა - ეს მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან მოყოლებული, 1946 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მთლიანი შიდა პროდუქტის კლება კი 2020 წელს 2007-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 2019 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2.2 % იყო. მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურ 4 %-მდე გაიზარდა. 2019 წლის ზაფხულში ამერიკის ეკონომიკის ზრდა ისტორიულ მაქსიმუმს - 33.4 %-ს აღწევდა. წლის ბოლოს კი მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე გაცილებით დაბალ ნიშნულზე იყო.

ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში სირთულეები კვლავ შენარჩუნდება, რადგან პანდემია ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ კონტროლდება. თუმცა, დამატებითი დახმარების პაკეტებითა და ვაქცინაციის გაფართოების შემდეგ, ისინი დადებით ცვლილებებს ელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG