საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით, ბოლო თერთმეტი წლის მანძილზე, ყველაზე კრიტიკული ბიუჯეტი მიიიღო. ახალი ბიუჯეტის პარამეტრები ნათლად აჩვენებს 2021 და მომდევნო წლები ქვეყნისთვის რამდენად მძიმე იქნება.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი - 4.1 მლრდ ლარი ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.7 %-ია, ნაცვლად „ეკონომიკური თავისუფლების“ ორგანული კანონით ნებადართული 3%-ისა. აქედან - 2.5 მლრდ ლარი ისევ ახალი საგარეო ვალის აღებით უნდა დავფაროთ, ხოლო 1.6 მლრდ ლარი - 2020 წლის ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებით. ეს ნაშთიც წელს აღებული საგარეო ვალიდან დაგვრჩა.
2021 წელს მთავრობა დამატებით კიდევ 5.3 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს, 2.8 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს საქართველოს მთავრობის ვალი 32.1 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 60.1% - 60.8% იქნება.
აქედან გამომდინარე, საგარეო ვალის ოდენობა "ეკონომიკური თავისუფლების აქტით", კრიტიკულ ზღვრად მიჩნეულ მშპ-ის 60%-ს პირველად გადასცდება; თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ამხელა ვალი ძალიან სერიოზული პრობლემაა:
ამორალურიცაა ამხელა ვალი დაადონ ქვეყანას, რომლის გასტუმრებაც მომავალ თაობებს მოუწევთ. არვიცი თუ მათი არგუმენტი ისაა, რომ რა მოხდა საქართველოში ვალი თუ მშპ-ს 60%-ია, შეხედეთ იაპონიას, იქ 200%-ზე მეტია, ეს ხომ კატასტროფულად სუსტი არგუმენტია ?!გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი
„ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა და ამორალურიცაა, ამხელა ვალი დაადონ ქვეყანას, რომლის გასტუმრებაც მომავალ თაობებს მოუწევთ. გვესმის განცხადებები, რომ ეს თურმე საგანგაშო არ არის, არ ვიცი, თუ მათი არგუმენტი ისაა, რომ რა მოხდა საქართველოში თუ ვალი მშპ-ს 60%-ია, შეხედეთ იაპონიას იქ 200%-ზე მეტია, ეს ხომ კატასტროფულად სუსტი არგუმენტია?! ბიზნესის ანალოგია რომ ავიღოთ, უნდა შევხედოთ პირველ რიგში, კრედიტუნარიანობას და საინვესტიციო რეიტინგს“ - ამბობს ბედინეიშვილი.
2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით უნდა გაიზარდოს, ეს იმ ფონზე, როცა 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა 5%-ით შემცირდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 16.8 მლრდ ლარია, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.7 მლრდ ლარით ნაკლებია. ამ შემცირებას განაპირობებს ის, რომ 2020 წლის ბოლომდე მთავრობას 8 მლრდ ლარის ოდენობის საგარეო ვალი ექნება აღებული, ხოლო 2021 წელს კიდევ - 5.3 მლრდ ლარის ვალის აღებას გეგმავს;
2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელები - 2.5 მლრდ ლარით იზრდება და 18.4 მლრდ ლარს მიაღწევს, მათ შორის, ხარჯები 222 მლნ ლარით იზრდება. გადასახდელებს ყველაზე მეტად 2.8 მლრდ ლარის ვალის დაფარვა ზრდის.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არ დამალა, რომ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, მთავრობა საგარეო ვალის ოდენობას, მშპ-ის 40%-მდე ვერ ჩამოიყვანს:
უპასუხისმგებლო იქნება იმის თქმა, რომ 2024 წლამდე ანუ ამ საარჩევნო ციკლში ჩვენ შეგვიძლია ვალი მშპ-ს 40%-ზე ჩამოვიყვანოთ. ჩვენ ალბათ ვერ ჩამოვალთ. გვაქვს შანსი, რომ 60%-დან ჩამოვიდეთ 50%-მდეივანე მაჭავარიანი, ფინანსთა მინისტრი
„უპასუხისმგებლო იქნება იმის თქმა, რომ 2024 წლამდე ანუ ამ საარჩევნო ციკლში ჩვენ შეგვიძლია 40%-ზე ჩამოვიდეთ. ჩვენ ალბათ ვერ ჩამოვალთ. გვაქვს შანსი, რომ 60%-დან ჩამოვიდეთ 50%-მდე. ეს ძალიან ძლიერი მაჩვენებელი იქნება.
იმიტომ, რომ ვერც ერთი ქვეყანა პანდემიამდელ მაჩვენებელს შემდეგ ოთხ წელიწადში ვერ დაუბრუნდება. პრაქტიკულად ვერც ერთი. ერთეული გამონაკლისები შეიძლება იყოს - განსაკუთრებული სტრუქტურის ეკონომიკები“ - აღნიშნა მინისტრმა მაჭავარიანმა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციების გადასაფარად - 1,657 მლნ ლარის ახალ ევრო ობლიგაციებს გამოუშვებს.
ახალ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2021 წლისთვის, 1 აშშ დოლარის მიმართ, საორიენტაციო გაცვლით კურსად - 3.3 ლარია აღებული, ხოლო ინფლაციის მოსალოდნელ დონედ - 3%.
ექსპერტთა აზრით, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის ვალის თითქმის 80% საგარეო ვალზე მოდის, ლარის კურსის ვარდნის შემთხვევაში, ლარში გამოხატული საგარეო ვალი და მისი თანაფარდობა მშპ-თან კიდევ გაიზრდება. ეროვნული ლარის გაუფასურებასთან ერთად, საგარეო ვალის ზრდას სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტი იწვევს.
2012 წელს, როცა საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა მთავრობის მთლიანი ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით 28%-ის ფარგლებში მერყეობდა.
Facebook Forum