ხუთშაბათს, მეშახტეთა ქალაქი შავი ძაძებით კიდევ ერთხელ შემოიმოსება. ტყიბულის თეატრიდან 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძეს, საკუთარი სახლიდან კი 56 წლის რეზო ლომთაძეს გამოასვენებენ. სანდრო ადგილობრივი თეატრის მსახიობი, წითელი ჯვრის მოხალისე და სპალეოლოგი იყო, თუმცა, მცირე შემოსავლის გამო, შეთავსებით შახტში ნახშირის მოპოვებაზე მუშაობაც უწევდა.
ტრაგედია 2 ივნისს, დილის 8 საათზე, ერთ-ერთ კერძო შახტში დატრიალდა, რომელსაც კომპანია „საქნახშირის“ ლიცენზიის მქონე, ტყიბულელი ინდივიდუალური მეწარმე დავით სოფრომაძე ამუშავებს.
კუსტარულად მოწყობილ 35 მეტრიან შახტში, სადაც მეშახტეები იძულებულები არიან უკონტრაქტოდ, შრომის უსაფრთოხების ელემენტარული ნორმების დაცვის გარეშე იმუშაონ, ვენტილაციის არარსებობის გამო, პირველი სანდრო ბუცხრიკიძე დაიღუპა. მის საშველად შახტში გამოცდილი რეზო ლომთაძე ჩავიდა, თუმცა უჰაერობამ იგიც შეიწირა.
ორი მეშახტის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე, „სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის“ მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, როგორც „ამერიკის ხმას“ ტყიბულის მეშახტეთა პირველადი ორგანიზაციის პროფკავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძემ უთხრა, დიდი ალბათობით, არც დავით სოფრომაძე დაისჯება და არც „საქნახშირი“.
„საქნახშირის“ მეპატრონის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, თუმცა დავით სოფრომაძესთან გაფორმებული კონტრაქტიდან გამომდინარე მათ ყველა პასუხისმგებლობა არიდებული აქვთ"გაგა ისაკაძე, ტყიბულის მეშახტეთა პირველადი ორგანიზაციის პროფკავშირის თავმჯდომარე
„მომხდარზე პასუხისმგებლობა თავისთავად შახტის მფლობელს დავით სოფრომაძეს ეკისრება, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მომჩივანი არავინ ჰყავს და არა მგონია დაიჭირონ. გამოძიების შემდეგ გაირკვევა მივა თუ არა საქმე სასამართლომდე და რას დააკისრებენ.
ჩემი აზრით, „საქნახშირის“ მეპატრონის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, თუმცა დავით სოფრომაძესთან გაფორმებული კონტრაქტიდან გამომდინარე მათ ყველა პასუხისმგებლობა არიდებული აქვთ, შესაბამისად არც მათი პასუხისმგებლობა დადგება.“
საქართველოს ტერიტორიაზე ნახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანია, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი „საქნახშირია“, რომელიც ტყიბულის ქვანახშირის საბადოზე წიაღისეულის მოპოვების უფლებას 2006 წლიდან ფლობს. „საქნახშირი“ მინდელისა და ძიძიგურის საბადოებზე ნახშირს მიწისქვეშა ოპერაციების საშუალებით მოიპოვებს.
პარალელურად, ტყიბულის რაიონში, სადაც ნახშირის მთლიანი მოცულობა 331 მილიონ მეტრიკულ ტონას შეადგენს, „საქნახშირი“ ნახშირის მოპოვების ნებართვას, 30-მდე კერძო კომპანიასაც აძლევს, რომლებიც ნახშირს საკუთარ ტერიტორიაზე, ღია კარიერული წესით მოიპოვებენ. ამ საწარმოებში 150-მდე ტყიბულელია დასაქმებული.
კერძო ლიცენზიანტებით მოპოვებული ნახშირს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ისევ „საქნახშირი“ ყიდულობს და ეს კომპანიას გაცილებით იაფი უჯდება. კუსტარულ შახტებში მოპოვებულ ერთ ტონა ნახშირში მეშახტეებს 20 ლარს უხდიან, „საქნახშირი“ კი ლიცენზიანტისგან ტონას უკვე 50 ლარად ყიდულობს.
ნახშირის იაფი მოპოვება მთლიანად მეშახტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე ხდება, მას აქვს მონური შრომის პირობები, კონტრაქტის, ხელფასის, დაზღვევისა და შრომის უსაფრთოხების ნორმების გარეშე.
სახელმწიფო ამ დანაშაულებრივ გარიგებაზე დღემდე თვალს ხუჭავს და „საქნახშირს“ პასუხისმგებლობას არ აკისრებს, იმის მიუხედავად რომ მეშახტეების ჩაგვრა და სიკვდილი სწორედ „საქნახშირის“ სალიცენზიო ზონაში ხდება.
ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე ამბობს, რომ კერძო ლიცენზიანტის გარდა, მომხრდარ ტრაგედიაზე და საერთოდ, ნახშირის უსაფრთხო მოპოვებაზე, პასუხისმგებლობა „საქნახშირმაც“ უნდა გაიზიაროს:
როცა ხელშეკრულებით გთხოვთ მომაწოდოთ ესა თუ ის პროდუქცია ამ შემთხვევაში ნახშირი და ჩემს სალიცენზიო ზონას გითმობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმიანობაში ჩემი პასუხისმგებლობის წილიც არის"თემურ ჩუბინიძე, ტყიბულის მერი
„როცა ხელშეკრულებით გთხოვთ მომაწოდოთ ესა თუ ის პროდუქცია ამ შემთხვევაში ნახშირი და ჩემს სალიცენზიო ზონას გითმობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმიანობაში ჩემი პასუხისმგებლობის წილიც არის. რა თქმა უნდა თავად მეწარმე- ლიცენზიანტიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.“
მორიგი ტრაგედია ტყიბულში ორი თვის თავზე მოხდა, მას შემდეგ რაც ქალაქმა ექვსი მეშახტე მიაბარა მიწას. ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის პირველ უბანზე 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია ამ დრომდე გამოძიებული არ არის.
„საქნახშირი“ მეშახტეების სიკვდილს კვლავ სამთო დარტყმას აბრალებს. უკრაინელი სამთო ინჟინრების დასკვნა კი რომლებმაც ტრაგედიის ადგილი საქართველოს პროფკავშირების თხოვნით შეისწავლეს, მხოლოდ 8 ივნისს გახდება ცნობილი.
ბოლო 9 წლის მანძილზე, ტყიბულის ქვანახშირის საბადოებზე 31 მეშახტე დაიღუპა, მათ შორის, 2018 წლის ექვს თვეში, საწარმოო პროცესის დროს, უკვე 8 მეშახტეა გარდაცვილილი.
2009-2018 წლებში დაღუპული ტყიბულელი მეშახტეები
2009 დეკემბერი - რაჟდენ ბოჭორიშვილი (48)
2010 მარტი – ჯემალ ჯიშიაშვილი (72), მიზდონ ონიანი (53), გიორგი ბრეგაძე (53), მურმან კუბლაშვილი (28)
2010 აგვისტო - იოსებ ობოლაძე (51), პლატონ მოდებაძე (49), მალხაზ ჭანტურიძე (43), ლაშა ბოჭორიშვილი (24)
2011 იანვარი - მერაბ კალანდაძე (37)
2011 სექტემბერი - თემურ გაბრიაძე (35)
2011 ნოემბერი - თამაზ გორდაძე (54), ბონდო მიხელაძე (61), სერგი აშოთია (50)
2013 ოქტომბერი - ლევან ნეფარიძე (35)
2014 იანვარი - ტარიელ ქასრაშვილი (50)
2015 თებერვალი - კოტე ბახუტაშვილი (54)
2016 ოქტომბერი - თემურ კაკაურიძე (51)
2017 მაისი - გიზო კუბლაშვილი (55), ვიქტორ დაღუნდარიძე (57), გიზო გუბელიძე (56), ალეკო ჭელიშვილი (45)
2017 ოქტომბერი - დავით ფორჩხიძე (50)
2018 აპრილი - პავლე გამეზარდაშვილი (25), ბესიკ გურგენიძე (49), მირზა ქურციკიძე (46), ელგუჯა ბოჭორიშვილი (51), გოგი რაფავა (58), გიორგი ბოჭორიშვილი (28)
2018 ივნისი - სანდრო ბუცხრიკიძე (27), რევაზ ლომთაძე (56)