ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონური შრომა: შრომის ინსპექციის შექმნა ისევ გადაიდო


ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევის გამო 471 ადამიანია გარდაცვლილი, 1000-მდე კი დასახიჩრებული.

ყველაზე საშიშ პროფესიებს შორის ლიდერობს მშენებლის პოციზია, შემდეგ მოდიან მძიმე მრეწველობასა და სამაშველო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეები.

თუ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოდის რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო, ერთ თვეში, საშუალოდ, ოთხი ადამიანი იღუპება; შვიდი კი სახიჩრდება.

გასულ კვირას ტყიბულში კიდევ ერთი მეშახტე დაკრძალეს. 54 წლის სამთო ოსტატი კოტე ბახუტაშვილი მინდელის სახელობის შახტაში “საწარმოო პროცესის” დროს დაიღუპა. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფეკავშირების თავჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს

„საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის, ეს იმნაირი სტატისტიკაა, საუბარი იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს, შრომის ინსპექციას ფუქნციები სუსტი უნდა ჰქონდეს თუ ძლიერი, პირიქით, მთელი მთავრობა ჩაფიქრებული უნდა იჯდეს, საიდან დაიწყონ შრომის კანონმდებლობის შეცვლა, რომ ასეთი სავალალო მდგომარეობა არ იყოს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, თუ მოიპოვებ ერთ მილიონ ტონა მადანს და დაგეღუპება ერთი ადამიანი ე.ი შენი შრომის უსაფრთხოების სისტემა ნორმალურია.

და, საქართველოში, ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი შახტები, წელიწადში ძლივს მოიპოვებენ 300 ათას ტონა ქვანახშირს და ყოველწლიურად იღუპება 4 მეშახტე. ახლა გადაიანგარიშეთ და აღმოაჩენთ, რომ პროცენტულად, შესაძლოა ჩინეთთანაც კი ვიყოთ ახლოს.“

შრომის ინსპექციის აღდგენა, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2006 წელს გააუქმა, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილი ყოფილა, დამსაქმებელთა გააფთრებული წინააღმდეგობის გამო.

შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს არ დაუმალავს რომ ბიზნესთან მოლაპარაკება ურთულესი გამოდგა

„ჩვენ მართლაც ხანგრძლივი კონსულტაციები დაგვჭირდა, იმიტომ, რომ ბიზნესის გარკვეული ნაწილი ამას აღიქვამდა საფრთხედ, რომ ეს „დაარტყამს“ ბიზნესს. მე მგონი, ჩვენ საბოლოოდ ჩვენ შევძელით იმის ახსნა და ადრწმუნება, რომ ეს არანაირი დარტუმა ბიზნესზე არ არის.“

რაზე შეთანხმდნენ საბოლოოდ სახელმწიფო და ბიზნესი?! ეს არის ერთწლიანი საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მომზადებული მონიტორები შეამოწმებენ შრომის უსაფრთხოების პირობებს, იმ კერძო საწარმოებში, რომლებიც ასეთ სურვილს წერილობით გამოთქვამენ.

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ მთავრობამ მართალია 2013 წელს, შეძლო შრომის კოდექსის მნიშვნელოვანად გაუმჯობესება, თუმცა საბოლოო ბრძოლა მსხვილი ბიზნესის ლობისტებთან მაინც დათმო

„ეს იყო დანაშაული თავის დროზე, როცა შრომის ინსპექცია გაუქმდა და დღესაც დანაშაულია, ყოველი წუთი, საათი, დღე დაყოვნებისა არის დანაშაული! ფაქტიურად, რაც გვეუბნება დღეს ხელისუფლება? მოდი, ერთი წელი კიდე მაცალე, შრომის ინსპექციას ერთი წელი კიდე არ შევქმნი და ერთი წლის მერე, შევქმნი თუ არა ეგ კიდე ვნახოთ ცალკე. და, მანამდე უბედური შემხთვევები, რომ მოხდება მაგის პრევენციისთვის ბოდიში, მაგრამ მოცდა მოგიწევთ.“

საქართველოში მოქმედი პროფკავშირები დიდ იმედებს ამყარებენ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე. საქართველოში შრომის ინსპექციის ხელახალი დაარსებისა და მშრომელთა უფლებების დასაცავად ვაშინგტონი 2 750 000 დოლარის ღირებულების ორ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს.

გუშინ კი თბილისში ამერიკის შრომის მდივნის მოადგილის მარკ მიტელჰაუზერის ვიზიტი დაიწყო, რომელიც უკვე შეხვდა მთავრობისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს და შეეცდება გაერკვეს, თუ რატომ ყოვნდება საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნა.

საწარმოო ტრავმების შედეგი საქართველოში
2007-2015 წლების სტატისტიკა

დაიღუპა დაინვალიდდა
2007 67 125
2008 77 134
2009 71 156
2010 81 102
2011 54 137
2012 48 289
2013 23 111
2014 49 71

2015 1 ?

წყარო: შსს, პროფკავშირები

XS
SM
MD
LG