ბოლო ცხრა დღის განმავლობაში, საქართველოს სამთო-ქიმიურ მრეწველობაში, ორი საწარმოო შემთხვევა, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევის გამო, სიკვდილით დასრულდა.
22 იანვარს, რუსთავის ქიმიურ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს, 7 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და სასიკვდილო ტრავმები მიიღო ქარხნის თანამშრომელმა ომარ ქავთარაძემ. იგი ორი დღის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქიმიური ქარხნის მეპატრონე კომპანია „რუსთავის აზოტია“, რომელსაც თავის მხრივ ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „აგროქიმ ეს ეი“ ფლობს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი, ბიზნესმენი რომან ფიფიაა.
თანამშრომლის სიკვდილთან დაკავშირებით ქიმიურ ქარხანას განმარტება საერთოდ არ გაუკეთებია. ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ძალისხმევით გახმაურდა.
28 იანვარს კი, ტყიბულის ნაშხირმომპოვებელ შატხიში, წარმოების დარგში, დირექტორის მოადგილე ტარიელ ქასრაშვილი დაიღუპა. 30 წლიანი სტაჟის მქონე მეშახტე ვაგონებს შორის მოჰყვა და სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები მიიღო.
კომპანია „საქნახშირმა“, რომელიც დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა, უკვე ტრადიციულად მომხდარი უბედური შემთხვევად მონათლა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა თავიდანვე გამორიცხა. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ვალერი კუხალაშვილი ამბობს
„შრომის უსაფრთხოება აქ მაქსიმალურად არის დაცული, აქ უსაფრთოების პრობლემა არ იყო. ეს იყო ნახშირის ტრანსპორტირების დროს მომხდარი უბედური შემთხვევა. სამწუხაროდ, ჯერ მიზეზები რა მოხდა, არ ვიცით.“
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ინფორმაციით, 2009 წლიდან მოყოლებული, ტყიბულის მაღაროებში უკვე 16 მეშახტე დაიღუპა და რამდენიმე ათეული მძიმედ დაშავდა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების სტატისტიკის მიხედვით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2007-2012 წლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, საწარმოო შემთხვევათა შედეგად, სულ 243 ადამიანი დაიღუპა, 472 დაშავებულს კი დღეს ინვალიდის სტატუსი აქვს.
სიკვდილიანობის მხრივ უმძიმესი იყო 2010 წელი, როცა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას - 81 ადამიანი შეეწირა, 169 კი მძიმედ დაშავდა.
უცნაურია, მაგრამ 2013 წლის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ცნობილია რომ შარშან, ჭიათურაში 3 მაღაროელო, ხოლო ტყიბულში -1 მეშახტე დაიღუპა.
2012 წლის არაერთი საარჩევნო დაპირების მიუხედავად, პროფკავშირებმა ამ დრომდე ვერ მიაღწიეს, საწარმოების მიერ, „უბედური შემთხვევების დამდგენ კომისიებში“ საკუთარი წარმომადგენლების ჩართვას. ამის პარალელურად, კვლავ გრძელდება სამარცხვინო პრაქტიკა, როცა თითქმის ყველა უბედურ შემთხვევაში „დამნაშავე“ მხოლოდ გარდაცვლილია.
საქართველოს მეტალურგიული და სამთო-ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავჯდომარე თამაზ დოლარებიძე ამბობს:
„საქართველოს ამ დრომდე არ გააჩნია შრომის დაცვის ინსპექცია, საქართველოს არ გააჩნია ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური. ეს ორგანოები წინა ხელისუფლების დროს 2006 და 2009 წლებში გაუქმდა.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, პროფკავშირების პოზიციას, რომ შრომის ინსპექციის აღდგენის გარეშე, ეს მძიმე სტატისტიკა ვერ დაიძლევა.“
საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2013 წლის ივლისში, მიმართა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს რეკომენდავიით, მაქსიმალურად მოკლე დროში მომხდარიყო შრომის უფლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის - დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისთვის, შრომის საერთაშორისიო ორგანიზაციის სამი: 81-ე, 129-ე, 155-ე კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის რატიფიცირება.
ეს საერთაშორისო დოკუმენტები მოიცანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, როგორიც არის შრომის ინსპექცია, შრომის უსაფრთხოება, უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება.
თუმცა, რეკომენდაციიდან ექვსი თვის შემდეგაც, იუსტიციის სამინისტროსა და დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის პროფკაშირებს შორის ისევ გრძელდება დისკუსია, რა ფორმით უნდა არსებობდეს შრომის ინსპექცია შრომის კოდექსში.
საქართველო კი კვლავ რჩება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 182 წევრ სახელმწიფოს შორის, ერთადერთ ქვეყნად, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობს.
საწარმოო ტრავმების შედეგი საქართველოში
2007-2014 წლების სტატისტიკა
დაიღუპა დაინვალიდდა
2007 33 25
2008 38 34
2009 41 56
2010 81 168
2011 21 53
2012 29 136
2013 4 ? (არასრული)
2014 2 ? (იანვარი)