ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ორი ვაქცინა, შეიძლება შეერთებულ შტატებში შობამდე (25 დეკემბერი) იყოს ხელმისაწვდომი, განაცხადა ორშაბათ დილით ალექს აზარმა, აშშ-ის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მდივანმა. დასაწყისისთვის ეს იქნება "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინები, რომელთაც კლინიკურ ცდებში ჯერჯერობით ყველაზე კარგი შედეგები აქვთ.
"ფაიზერმა" უკვე წარადგინა მოთხოვნა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციაში. ფედერალური უწყების დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკური კვლევების შედეგების განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბებიან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ადმინისტრაცია და ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ ვაქცინის დამტკიცება და შემდეგ მისი დისტრიბუცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს. "მოდერნას" ვაქცინა "ფაიზერს" სულ ერთი კვირის ინტერვალით ჩამორჩება.
ფედერალური მთავრობა ვაქცინებს შტატებს მიაწვდის. შტატების შიგნით კი გუბერნატორები გადაწყვეტენ, თუ პირველად სად და ვის მიაწოდონ ის.
"ისინი გადაწყვეტენ, თუ რომელი ჯგუფებია პრიორიტეტული. მე იმედს ვიტოვებ, რომ მეცნიერება და მტკიცებულებები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გუბერნატორები ჩვენს რეკომენდაციებს მიჰყვნენ" - თქვა დღეს აზარმა.
აშშ-ის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მდივნის განცხადებით, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღის განმავლობაში ყველა შტატის გუბერნატორს ხვდება. ისინი გაეცნობიან ფედერალურ დონეზე შემუშავებულ რეკომენდაციებს და პრიორიტეტებს, თუ ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასურველია, კოვიდ-19-ზე ჯერ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ჯანდაცვის მუშაკები აიცრან. ვაქცინაციის მეორე ეტაპზე, მათი რეკომენდაციით, მოხუცებულთა სახლების ბინადრები უნდა ჩაერთონ. შემდეგ - საგანგებო სამსახურების თანამშრომლები და ბოლოს - ქვეყნის მოსახლეობა. აცრა სავალდებულო არ არის.
Facebook Forum