2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში, ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი მეცნიერი გახდა. ამერიკელები ჰარვი ჯეი ალტერი და ჩარლზ რაისი და ბრიტანელი მაიკლ ჰოუტონი, C ჰეპატიტის ვირუსის ამოცნობის საქმეში “ორიგინალური აღმოჩენებისთვის” დააჯილდოეს.
ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამმა მეცნიერმა “სისხლში არსებული ჰეპატიტის, ჯანდაცვის წამყვანი გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ადამიანებში ციროზს და ღვიძლის კიბოს იწვევს, გადამჭრელი წვლილი შეიტანა.”
მათი მიღწევები C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი გზების მოძებნას დაეხმარა.
ჰარვი ალტერი 1935 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. მან როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა დაამთავრადა დიდი ხნის განმავლობაში, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის უფროს მკვლევარად მუშაობდა.
მაიკლ ჰოუტონი ბრიტანეთში დაიბადა. ვირუსოლოგიის დარგში დოქტორის ხარისხი, ლონდონის კინგის კოლეჯში მიიღო. ამჟამად, ის, ალბერტას უნივერსიტეტში ვირუსოლოგიის დარგში მუშაობს.
1952 წელს, კალიფორნიის შტატში, საკრამენტოში დაბადებულმა ჩარლზ რაისმა დოქტორის ხარისხი 1981 წელს, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო. მუშაობდა ასევე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში, როგორც მკვლევარი და პროფესორი. ის მუშაობდა ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტში და 2001 დან 2018 წლამდე, C ჰეპატიტის კვლევითი ცენტრის სამეცნიერო და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. რაისი იქ დღესაც აქტიურად მუშაობს.
მედიცინის დარგში ნობელის ამ წლის ჯილდო, რომელიც 1901 წლიდან არსებობს, ამ კატეგორიის 111-ე პრიზია.
ლაურეატები 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდოს თანაბარ წილს მიიღებენ.
ამ კვირაში ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში პრიზებიც გამოცხადდება.
ეკონომიკის დარგში პრიზის შესახებ მომავალ ორშაბათს გამოაცხადებენ.
Facebook Forum