ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა: S-400-ებზე უარის თქმა პრობლემური იქნება


ჰულუსი აქარი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი
ჰულუსი აქარი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის, S-400-ის შესყიდვის შეჩერება ახლა "პრობლემური" იქნება. თუმცა, ამასთან ერთად, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, იმედსაც გამოთქვამს, რომ ამ ნაბიჯის შედეგად შეერთებულ შტატებთან შექმნილი პრობლემები, დიალოგის გზით მოგვარდება.

ანკარა არ მალავს, რომ „როსობორონექსპორტთან“, რუსეთის შეიარაღების მთავარ ექსპორტიორთან, მოლაპარაკებას S-400-ების მეორე ხელშეკრულებაზე აწარმოებს, იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონმა ნატოს მოკავშირეს ამის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები თურქეთის სამთავრობო ორგანიზაციას, სახელად - საპრეზიდენტო თავდაცვის ინდუსტრიები (SSB) დაუწესდა.

აშშ თურქეთს სანქციებს უწესებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:48 0:00

ვაშინგტონმა გასულ თვეში, შეერთებული შტატებიდან ახალი საექსპორტო ლიცენზიების გაცემა და SSB-ისთვის ავტორიზაციების მიცემა აკრძალა. ასევე, SSB-ის პრეზიდენტ, ისმაილ დემირს და სხვა ოფიცრებს, ვიზების გაცემა შეეზღუდა და მათი საბანკო ანგარიშებიც გაიყინა.

"ეს ძალიან პრობლემური სიტუაციაა, ზურგი აქციო [ხელშეკრულებას] იმ პოზიციიდან, სადამდეც ვართ მოსული. ჩვენ მოვუწოდებთ [შეერთებულ შტატებს], შორს დაიჭიროს თავი მუქარის შემცველი პოზიციისგან, როგორიცაა სანქციები" - უთხრა დღეს ჰულუს აქარმა ანკარაში შეკრებილ ჟურნალისტებს. მისი თქმით, თურქეთს პრობლემების მოგვარება ამერიკასთან დიალოგის გზით სურს და "გამოსავალი შეიძლება ტექნიკურ დონეზე მუშაობით იქნას მიღწეული".

შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეიცვლება. 20 იანვარს, თეთრ სახლს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი დაიკავებს. ამას გარდა, გამოიცვლება თავდაცვის და სახელმწიფო მდივნები. ბაიდენს ჯერ ანკარის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წარსულში ის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა.

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს თავიდანვე გარკვევით უთხრა, რომ მის მიერ „ეს-400“ სისტემის შესყიდვა, საფრთხეში ჩააგდებდა შეერთებული შტატების სამხედრო ტექნოლოგიების და პერსონალის უსაფრთხოებას. ეს ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სექტორს მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფდა და ამასთან, რუსეთს თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე და თავდაცვის ინდუსტრიაზე წვდომის საშუალებას მისცემდა.

თურქეთმა მაინც გადაწყვიტა S-400 სისტემის შესყიდვა და გამოცდა, იმის მიუხედავად, რომ საკუთარი თავდაცვის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადი სისტემების გამოყენების საშუალება ჰქონდა. ანკარა ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ მას არ მიეცა შანსი, ნატოს მოკავშირეებისგან თავდაცვის სისტემები მისაღებ პირობებში შეესყიდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, თურქეთი არ დაუშვეს და შესაძლოა გაირიცხოს კიდეც ერთობლივი, გლობალური F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პარტნიორობიდან.

სანქციების დაწესებამდე, წერილობით განცხადებაში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თურქეთს მოუწოდა, S-400-ის პრობლემასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებთან კოორდინაციის გზით, „გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიეღო“ და უარი ეთქვა რუსულ შეიარაღებაზე. პომპეოს თქმით, „თურქეთი ძვირფასი მოკავშირეა და ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონულ უსაფრთხოებაში. ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ ათწლეულების ნაყოფიერი ისტორია თავდაცვის სფეროში, თურქეთის მიერ წინაღობის მოხსნით და ხმარებიდან S-400 სისტემის რაც შეიძლება სწრაფად ამოღებით“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG