თურქეთი არ იტყვის უარს, რუსული სარაკეტო თავდაცვითი სისტემის S-400-ების შესყიდვაზე. ამ ნაბიჯის გამო, ცოტა ხნის წინ, შეერთებულმა შტატებმა ანკარას სანქციები დაუწესა. თურქეთი აცხადებს, რომ სანქციების საპასუხო ნაბიჯს გადადგამს.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს ისმაილ დემირს და კიდევ სამ თანამშრომელს. 16 დეკემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სანქციები „მტრული თავდასხმაა“ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ვაშინგტონის მსგავს ნაბიჯს გადადგამს. „არ აქვს მნიშვნელობა სანქციები რბილია თუ მკაცრი, სანქციები თავისთავად არასწორია“, - თქვა მან.
თურქეთი აცხადებს, რომ S-400-ების შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ვერ მიაღწია შეთანხმებას, თავდაცვის სისტემის დამაკმაყოფილებელი პირობებით მიღებაზე.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსული S-400-ები ნატოს თავდაცვის სისტემას და მისი F-35 ტიპის გამანადგურებლების პროგრამას საფრთხეს უქმნის.
სანქციები კულმინაციაა ორი ქვეყნის დაძაბული ურთიერთობების, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ვადის მიწურულში. იმაზე საუბრისას, მოელის თუ არა მომავალ პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან უკეთესი ურთიერთობის ქონას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეწყვეტს თუ არა ვაშინგტონი სირიაში ქურთი მებრძოლების დახმარებას და შეასრულებს თუ არა თურქეთის მოთხოვნას, თურქი რელიგიური ლიდერის ფეტულა გიულენის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელსაც ანკარა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დებს ბრალს.
„თუ შეერთებული შტატები სტრატეგიულად იფიქრებს, მათ თურქეთი ძალიან სჭირდება“, - აცხადებს ჩავუშოღლუ.
მხარეები ერთმანეთს არა მარტო თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო-თავდაცვის სისტემის S-400-ის შეძენასთან დაკავშირებით უპირისპირდებოდნენ, არამედ დაობდნენ თურქეთის მოქმედებებზე სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.
შეერთებულმა შტატებმა თურქეთი ცოტა ხნით ადრე F-35-ის ტიპის გამანადგურებლების განვითარების და მომზადების პროგრამიდან გააძევა, მაგრამ ამის შემდგომი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
Facebook Forum