ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს


29 დღეა, რაც ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა შეჩერებულია. პრეზიდენტ ტრამპსა და დემოკრატ კანონმდებლებს შორის ბიუჯეტზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

დონალდ ტრამპმა გუშინ “ტვიტერზე” დაწერა, რომ შაბათს, ვაშინგტონის დროით, შუადღის 3 საათზე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს იმ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით, რაც ამერიკის სამხრეთ საზღვარზე ხდება და ასევე მთავრობის ნაწილის დახურვის შესახებ. თეთრი სახლი მის გამოსვლას პირდაპირ ეთერში გადასცემს. პრეზიდენტს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა. ამის შესაძლებლობაზე პრეზიდენტი ერთი პერიოდი აქტიურად საუბრობდა. საგანგებო მდგომარეობა მას საშუალებას მისცემს თანხების მობილიზება და გადანაწილება ზოგიერთი პროცედურული ეტაპის გამოტოვებით, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე დაიწყოს.

თუმცა დემოკრატები ამბობენ, რომ თუკი პრეზიდენტი ასე მოიქცევა, ისინი ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებენ და მის კონსტიტუციურობაზე იდავებენ. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ეს ნეგატიურ პრეცედენტს შექმნის და პრეზიდენტს ამის გაკეთებას არ ურჩევენ. პრეზიდენტმაც ბოლო დროს ამაზე საუბარი შეწყვიტა, თუმცა გუშინდელი განცხადება ზოგს აფიქრებინებს, რომ დონალდ ტრამპი ამ იდეას დაუბრუნდა და მის განხორციელებას აპირებს.

წარმომადგენელთა პალატის წევრები უკვე თვითმფრინავისკენ მიმავალ ავტობუსში იყვნენ, როდესაც პრეზიდენტის ბრძანებით მათი ფრენა გაუქმდა.
წარმომადგენელთა პალატის წევრები უკვე თვითმფრინავისკენ მიმავალ ავტობუსში იყვნენ, როდესაც პრეზიდენტის ბრძანებით მათი ფრენა გაუქმდა.

“ეს მარტივი გამოსავალია, მაგრამ ეს კონგრესმა უნდა გააკეთოს”, - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს იანვრის გადასაწყისში და იქვე არნიშა, რომ ის ალბათ არ გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას, რადგან ეს სასამართლო ბრძოლაში გადაიზრდება და ურჩევნია მისთვის სასურველი ბიუჯეტი კონგრესმა დაამტკიცოს.

პრეზიდენტი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხას ითხოვს და ამბობს, რომ არ მოაწერს ხელს არც ერთ შემოთავაზებას, რომელშიც ეს თანხა არ იქნება გათვალისწინებული. დემოკრატები კი მის მიერ მოთხოვილი 5 მილიარდის ნაცვლად, მხოლოდ 1.3 მლრდ-ის მიცემაზე არიან თანახმა, ისიც არა მხოლოდ კედლის ასაშენებლად, არამედ სასაზღვრო უსაფრთხოების დასაფინანსებლად. დემოკრატების აზრით, კედელი არარაციონალური იდეაა და ის დაფინანსებას არ იმსახურებს, პრეზიდენტი ტრამპი კი მეორე მხრივ, თავისი უმთავრესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ცდილობს. რამდენიმე უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა ჯერ კიდევ შეჩერებულია.

ამ კვირაში ურთიერთბრალდებები და განცხადებები კიდევ უფრო დაძაბული და ინტენსიური გახდა. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა ლიდერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს კანონმდებლებისა და ერის წინაშე ყოველწლიური გამოსვლის (რომელიც მომავალ კვირას უნდა გაიმართოს) იმ დრომდე გადადება ურჩია, სანამ მთავრობის მუშაობა სრულად არ აღდგება. ეს გამოსვლა 29 იანვარსაა დაგეგმილი. ტრამპმა დაუყოვნებლივ უარყო ეს რჩევა და ბევრის აზრით, სწორედ ამის პასუხად, პალატის ლიდერსა და დელეგაციას ავღანეთში და ბრიუსელში სამხედრო თვითმფრინავით გაფრენის საშუალება არ მისცა.

პალატის სპიკერისთვის გაგზავნილი წერილში პრეზიდენტი ამბობს, რომ “მაშინ, როდესაც 800 000 ადამიანი ან უხელფასო შვეულებაშია ან ანაზღაურების გარეშე მუშაობს, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ პიარისთვის განკუთვნილი ღონისძიებები აბსოლუტურად უადგილოა”.

დემოკრატი ლიდერები ჩაკ შუმერი და ნენსი პელოსი
დემოკრატი ლიდერები ჩაკ შუმერი და ნენსი პელოსი

პელოსის ოფისის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ამ მოგზაურობის ფარგლებში “ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დაზვერვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეხვედრები/ბრიფინგები უნდა გამართულიყო. გარდა ამისა, პელოსი საზღვარგარეთ, კერძოს კი ავღანეთში მისიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებს უნდა შეხვედროდა, მათი სამსახურისადმი მადლიერების ნიშნად. ასევე განმარტეს, რომ პრეზიდენტის ქმედებებით გამოწვეული საფრთხეების” გამო, დელეგაციამ გადაწყვიტა გადადოს ეს ვიზიტი, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამერიკელ სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ადამ შიფმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ქმედებები არ არის მართებული. “ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას პრეზიდენტს, რომ კონგრესს თავისი საზედამხედველო ფუნქციების შესრულებაში ხელი შეუშალოს”.

“მაშინ, როდესაც ბევრ დემოკრატს პალატასა და სენატშიც სურს შეთანხმების მიღწევა, პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი მათ ამის უფლებას არ აძლევს”, - თქვა ტრამპმა თავდაცვის დეპარტამენტში ვიზიტისას და დასძინა, რომ იმედოვნებს, “დემოკრატი კანონმდებლები იმოქმედებენ იმსი შესაბამისად, თუ რა არის მართებული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის მართებული კი არის უმკაცრესი სასაზღვრო უსაფრთხოება”.

ხუთშაბათ საღამოს პრეზიდენტმა ასევე გააუქმა შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც ის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს უნდა დასწრებოდა. დელეგაციის წევრები იყვნენ ხაზინის მდივანი სტივ მნუჩინი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი, ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ლაითიზერი და პრეზიდენტის ასისტენტი ქრის ლიდერლი. ისინი დავოსში მომავალ კვირას უნდა გამგზავრებულიყვნენ.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურდა მისი გუნდის წევრები მის გვერდით ყოფილიყვნენ და დახმარებოდნენ მას მთავრობის ნაწილის დახურვის პროცესებთან დაკავშირებით.

ფედერალური მთავრობის 800 000-მდე თანამშრომელმა გასულ კვირას ხელფასი უკვე ვერ მიიღო. დიდი ალბათობით ისინი მომავალი კვირის ბოლოსაც ვერ მიიღებენ ანაზღაურებას. ამ თანამშრომელთა ნაწილი უხელფასო შვებულებაშია, ნაწილი კი - იძულებულია იმუშაოს, რადგან მათი სამსახურში გამოცხადება აუცილებელია ამა თუ იმ დაწესებულების უმთავრესი ფუნქციების შესასრულებლად. ისინი უხელფასოდ მუშაობენ და ანაზღაურებას მხოლოდ რეტროაქტიულად, მთავრობის გახსნის შემდეგ მიიღებენ. ისინი კი, ვინც იძულებულია არ იმუშაოს, ამ დღეების ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.​

Facebook Forum

XS
SM
MD
LG