შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის შესარჩევად, ოთხ ღირსეულ კანდიდატს შეხვდა. დონალდ ტრამპი საბოლოო კანდიდატს 9 ივლისს დაასახელებს.
“გუშინ ოთხ ძალიან შთამბეჭდავ ადამიანს გავესაუბრე. ჩემს გადაწყვეტილებას, თუ ვის დავასახელებ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ორშაბათს გამოვაცხადებ” - დაწერა დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”. დამტკიცების შემთხვევაში, ახალი უზენაესი მოსამართლე ენტონი კენედის შეცვლის, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლას გეგმავს.
ორშაბათს, ვაშინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებს ტრამპმა უთხრა, რომ შთამბეჭდავ ადამიანებს შეხვდა. თეთრი სახლის პრესსპიკერ სარა ჰაკაბი სანდერსის განცხადებით, პრეზიდენტი თითოეულ მათგანს დაახლოებით 45 წუთი ესაუბრებოდა. კანდიდატთა ვინაობა მედიისთვის ჯერჯერობით უცნობი რჩება.
Facebook Forum