ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესმა სასამართლომ კოლორადოელი მცხობელი გაამართლა


შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ კოლორადოს საცხობი ჰომოსექსუალ წყვილთან დავაში გაამართლა. საქმე ეხებოდა 2012 წელს კოლორადოს შტატში ადგილობრივი საცხობის მიერ ჰომოსექსუალი წყვილისთვის საქორწილო ტორტის გამოცხობაზე უარის თქმის შემდეგ დაწყებულ დავას. უზესაესმა სასამართლომ, შვიდი ხმით ორის წინააღმდეგ, დავა საცხობის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ კოლორადოს ადამიანის უფლებათა კომისიამ მცხობელის - ჯეკ ფილიპსის გამოხატვის უფლება დაარღვია, როცა მას ანტი-დისკრიმინაციული კანონის დარღვევა დაუდგინა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებას ციტირებს, რომელიც სიტყვის და გამოხატვის უფლებებს იცავს.

„კანონებს და კონსტიტუციას შეუძლია, და ზოგ შემთხვევაში უნდა იცავდეს, ჰომოსექსუალების და ჰომოსექსუალი წყვილების სამოქალაქო უფლებებს, მაგრამ ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ რელიგიური და ფილოსოფიური წინააღმდეგობა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით“, ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ჩარლი კრეგი და დევიდ მალინსი
ჩარლი კრეგი და დევიდ მალინსი

უზენაესი სასამართლოს წევრი ენტონი კენედი, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების შესახებ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების ავტორია აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეს ეხება.

„მსგავსი შემთხვევები სასამართლომ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა განიხილოს, ეს უნდა მოხდეს შემწყნარებლობის პრინციპით და რელიგიური რწმენების უპატივცემლობის გარეშე და ჰომოსექსუალების შეურაცხყოფის გარეშე“, წერს მოსამართლე კენედი.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები რუთ ბეიდერ გინსბურგი და სონია სოტომაიერი.

დავა, რომელზეც დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, 2012 წელს დაიწყო. მაშინ მცხობელმა გეი წყვილს საქორწილო ტორტის გამოცხობაზე უარი უთხრა. ფილიპსი იხსენებს, რომ მაშინ წყვილს, სხვა მცხობელები ურჩია, თვითონ კი უარი იმ მოტივით უთხრა, რომ ტორტის გამოცხობით ის რელიგიურ ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას, რასაც მისი სარწმუნოება ეწინააღმდეგებოდა.

წყვილმა ფილიპსის უარი კოლორადოს ადამიანის უფლებათა კომისიაში გაასაჩივრა, რომელმაც საცხობი კოლორადოს ანტი-დისკრიმინაციული კანონის დარღვევაში დამნაშავედ სცნო. იგივე გადაწყტვეტილება მიიღო კოლორადოს სასამართლომაც.

ფილიპსმა ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონი ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებას ეწინააღმდეგება და რელიგიის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

კრისტენ კლარკი, ადამიანის უფლებათა ადვოკატების კომიტეტის პრეზიდენტი, უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „გამანადგურებელს“ უწოდებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საუბედუროა მათთვის, ვისაც ამერიკაში ქორწინების თანაბარი უფლების სჯერა.

კრისტენ ვაგონერი კი, რომელიც თავისუფლების დამცველ ალიანსს წარმოადგენს, აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა, რომ მთავრობა პატივს სცემს „ჯეკის შეხედულებას ქორწინების შესახებ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG