ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ტრამპმა დაზვერვის სამსახურების ზედამხედველი დაითხოვა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ზედამხედველი სამსახურიდან დაითხოვა.

სადაზვერვო სამსახურების გენერალურმა ინსპექტორმა მაიკლ ატკინსონმა კონგრესს იმ ანონიმური მომჩივანის საჩივრის შესახებ შეატყობინა, რომელმაც ამ წლის დასაწყისში ტრამპის იმპიჩმენტი გამოიწვია.

პარასკევს, ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის და სენატის დაზვერვის კომიტეტებს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ატკინსონის დათხოვნა 30 დღეში ძალაში შევა.

წერილში მან აღნიშნა, რომ ატკინსონისადმი “სრული ნდობა” მას “აღარ აქვს”. ტრამპმა თქვა, რომ ატკინსონის შემცვლელს “მოგვიანებით” დაასახელებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონგრესის დემოკრატებმა სწრაფადვე გააკრიტიკეს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ატკინსონის დათხოვნას უწოდა: “სასირცხვილო”, “უტიფარი ქმედება პატრიოტი საჯარო მოხელის წინააღმდეგ, რომელიც კანონის და მის მიერ დადებული ფიცის მოთხოვნის შესაბამისად, ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას, რათა დაეცვა კონსტიტუცია და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება.”

სენატის დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა: “მაიკლ ატკინსონი პატიოსანი კაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ემსახურა. ის, რომ მას აღმოაჩნდა გამბედაობა ემხილებინა და ამის გამო ათვისუფლებენ, მას პატრიოტად წარმოაჩენს.”

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის კომიტეტების მაღალი თანამდებობის მქონე დემოკრატებმაც გააკრიტიკეს.

XS
SM
MD
LG