ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებას ამერიკის გარეთაც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს. ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდებიან ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს. ბევრი ამბობს, რომ ის რაც ახლა ხდება კარგად აჩვენებს, როგორ მუშაობს ამერიკული დემოკრატია. პრეზიდენტს ოპონენტები ბრალს სდებენ იმაში, რომ მან უკრაინის მთავრობის დაშანტაჟება სცადა საკუთარი მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენის ოჯახის შესახებ გამოძიების სანაცვლოდ. ამ ბრალდებას პრეზიდენტი კატეგორიულად არ უარყოფს.
ანალიტიკოსი თომას გიფტი ამბობს, რომ ბევრი ბრიტანელი ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ბევრ საერთოს ხედავს. "ორივე, ამერიკა და ბრიტანეთი, თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრება რომელი მთავრობა უფრო უუნარო იქნება, ან რომელს უფრო აკლია საქმეების მოგვარების უნარი,“ ამბობს ის.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბრიტანელების 20%-ზე ნაკლებს აქვს დადებითი განწყობა დონალდ ტრამპის მიმართ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესის გამოძახილიცაა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია თომას აქტი. ის იმპიჩმენტის პროცესს ყურადღებით აკვირდება და თვლის, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა. „თუ წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მაშინ იმედი მაქვს, რომ სენატი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის [უფლებამოსილების შეწყვეტისთვის]. ის არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მისი გადაყენებაა საჭირო,“ ამბობს აქტი.
ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა საფრანგეთში.
ფიზიკოსი ჟაკ გრაუ თვლის, რომ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება კარგი იდეა იყო. „ეს დემოკრატიას ფუნქციონირების საშუალებას აძლევს,“ ამბობს ის.
განსხვავებული აზრი აქვს სტუდენტ სელენ აის. ის თვლის, რომ ხალხი დიდად არაა დაინტერესებული მიმდინარე გამოძიებით.
განსაკუთრებული ყურადღებით ვაშინგტონის ამბებს რუსეთში აკვირდებიან. როგორც ჩანს, ტრამპი იქ ბევრად მეტ ადამიანს მოსწონს.
მოსკოვის მკვიდრი მიხეილი ამბობს, რომ ამერიკელებმა აირჩიეს ტრამპი და ახლა მათ ამ გადაწყვეტილების შეცვლა სურთ. მისი აზრით, ეს კარგი სულაც არაა. კიდევ ერთი მოსკოველი, დიმიტრი თვლის, რომ ის რაც ახლა ხდება ბაიდენის გუნდის მცდელობაა უპოვოს ტრამპს კომპრომატები, რათა მან უარი თქვას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაზე.
რუსეთი და ამერიკა, შესაძლოა სტრატეგიული მეტოქეები არიან, მაგრამ რუსეთს, ამერიკაში პოლიტიკური პრობლემები შესაძლოა არ სურდეს, ამბობს ანდრე კორტუნოვი, საერთაშორისო ურთიერთობების რუსეთის საბჭოს დირექტორი.
„ამერიკელი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია მოსკოვთან პრობლემების მოგვარება ძლიერი პრეზიდენტია. ასე რომ, თუ ტრამპის იმპიჩმენტი მოხდება, ეს ნამდვილად შეასუსტებს მის პოზიციებს,“ ამბობს კორტუნოვი.
ინდოეთს, 1.3 მილიარდი მოსახლით, ხშირად უწოდებენ სამყაროს ყველაზე დიდ დემოკრატიას. იქ იმპიჩმენტის პროცესს მიესალმებიან და ფიქრობენ, რომ სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია.
ქაიროში კი მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ დონალდ ტრამპი ზოგიერთი მათი ეგვიპტელი ლიდერივით იქცევა. „ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს და სხვების კორუფციას მხოლოდ მაშინ გამოიძიებს, თუ თავად აწყობს ეს,“ ამბობს კაიროელი სამეჰ გჰონემი.
იმპიჩმენტის პროცესი, სავარაუდოდ, 2020 წელსაც გაგრძელდება. ჯერ არავინ იცის როგორ დასრულდება ის, თუმცა ერთი რამ ფაქტია - ამ პროცესს როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დიდი ინტერესით დააკვირდებიან და განიხილავენ.
Facebook Forum