ოპოზიციაში მყოფმა დემოკრატმა კანონმდებლებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიება ფორმალურად დაიწყეს. განცხადება ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ 24 სექტემბერს გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს. „კანონზე მაღლა არავინაა“ - განაცხადა პელოსიმ.
რა არის იმპიჩმენტი?
იმპიჩმენტი პროცესია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ სამთავრობო ოფიციალური პირისთვის ბრალდების წაყენებას ნიშნავს. ამ ბრალდებამ შეიძლება მისი თანამდებობიდან ჩამოცილება ან გამოიწვიოს, ან - არა. შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, იმპიჩმენტისთვის არ არის აუცილებელი პრეზიდენტმა კანონი დაარღვიოს და ამისთვის ის დამნაშვედ სცნონ. ამერიკის კონსტიტუცია საიმპიჩმენტო დანაშაულად მიიჩნევს: „ღალატს, ქრთამს, სხვა მაღალი რანგის დანაშაულს, ან გადაცდომას“.
როგორია იმპიჩმენტის პროცესი შეერთებულ შტატებში?
იმპიჩმენტის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. აქ 7 მთავარ პროცედურაზე ვისაუბრებთ, მაქსიმალურად მარტივად და მოკლედ.
1. განცხადება
წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა აცხადებს ფორმალურ საიმპიჩმენტო გამოძიებას, რომელსაც წინასწარ დადგენილი ვადები არ აქვს.
2. გამოძიება:
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტები იძიებენ ბრალდებებს, დაკითხავენ მოწმეებს, აგროვებენ მტკიცებულებებს და დასკვნებს უგზავნიან იურიდიულ კომიტეტს.
3. მუხლის შედგენა
იურიდიული კომიტეტი წყვეტს იმას, თუ რამდენად შეიცავს ანგარიში არასწორი ქმედების მტკიცებულებას. თუ პასუხი დადებითია, იქ ამზადებენ იმპიჩმენტის მუხლს. შემდეგ კომიტეტში კენჭისყრით წყვეტენ, გაუგზავნონ თუ არა ის წარმომადგენელთა პალატას.
4. პირველი კენჭისყრა კონგრესში
წარმომადგენელთა პალატაში იმართება დებატები. თუ უმრავლესობა ხმას მისცემს რომელიმე მუხლით იმპიჩმენტის პროცესს, პრეზიდენტი ფორმალურად გადაყენებულია, მაგრამ ის რჩება ოფისში და სენატში გასამართლებას ელის.
5. სასამართლო პროცესი სენატში
სენატი განიხილავს წარმომადგენელთა პალატის მიერ შედგენილ დანაშაულის მუხლს, ან მუხლებს. სენატს სიმბოლურად, ნაფიც მსაჯულთა ჟიურის როლი ეკისრება, წარმომადგენელთა პალატას - ბრალმდებლის, დაცვის მხარეს პრეზიდენტის ადვოკატები უზრუნველყოფენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კი მოსამართლის ფუნქცია აქვს.
6. მეორე კენჭისყრა კონგრესში
კენჭისყრა ახლა უკვე სენატში იმართება. თუკი იმპიჩმენტს სენატორების 2/3 დაუჭერს მხარს, ეს საბოლოო განაჩენია და პრეზიდენტმა პოსტი უნდა დატოვოს.
7. პრეზიდენტის გადადგომა
სენატის კენჭისყრის შედეგი საბოლოოა, ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მის პოსტს იკავებს ვიცე-პრეზიდენტი.
რატომ დაიწყო კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიება?
ოპოზიციაში მყოფი დემოკრატები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში არიან, პრეზიდენტს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიხედვით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადი მოგების მიზნით, უკრაინას გაუყინა თითქმის 4 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომლის უმეტესი ნაწილი კონგრესმა უკრაინას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დაუმტკიცა. ამის შემდეგ, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარში სთხოვდა, გამოეძიებინა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მთავარი მეტოქის, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატთა ლიდერის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმე.
რატომ შეიძლება ეს დანაშაული იყოს?
დემოკრატები თვლიან, რომ არჩევნებში დახმარების მიზნით, უცხოეთის ქვეყნისთვის მიმართვა კანონდარღვევაა და ამერიკის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის ტოლფასია.
რას ამბობს პრეზიდენტი?
დონალდ ტრამპი საიმპიჩმენტო გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ და „ტოტალურად თაღლითურ სქემას“ უწოდებს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს, ტრამპი ამბობს, რომ ის სრულიად „უნაკლო“ იყო.
რას ამბობენ რესპუბლიკელი კანონმდებლები?
რესპუბლიკელი კანონმდებლების უმრავლესობა ან პრეზიდენტის მხარდაჭერას აგრძელებს, ან კომენტარისგან თავს იკავებს და მოვლენების განვითარებას აკვირდება.
როგორია იმპიჩმენტის ისტორია ამერიკაში?
იმპიჩმენტის მოთხოვნა ამერიკის ბევრი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებულა. მაგრამ, დონალდ ტრამპი (45-ე პრეზიდენტი) მხოლოდ მეოთხეა, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის პროცესი ფორმალურად დაიწყო. პირველი სამიდან იმპიჩმენტის პროცედურა კონგრესში ბოლომდე ორი პრეზიდენტის შემთხვევაში მივიდა. ესენია: ენდრიუ ჯონსონი (მე-17 პრეზიდენტი) და ბილ კლინტონი (42-ე პრეზიდენტი). თუმცა, ორივე სენატმა გაათავისუფლა ბრალდებისგან და მათ ვადის დასრულების საშუალება მისცა. რაც შეეხება რიჩარდ ნიქსონს (37-ე პრეზიდენტი), ის სენატში საბოლოო კენჭისყრის წინ თვითონ გადადგა მას შემდეგ, რაც წამყვანი სენატორებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი მხარს იმპიჩმენტს დაუჭერდნენ.
Facebook Forum