ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკონსტიტუციო ჭიდილი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის


პრეზიდენტ ტრამპს და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებს იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური ჭიდილი აქვთ. თეთრი სახლი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ამერიკის ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის დაპირისპირება, პრეზიდენტის უფლებამოსილების, ძალაუფლების გადანაწილებისა და ამერიკის კონსტიტუციის თაობაზე, ფუნდამენტურ კითხვებს აჩენს.

"ხალხს ესმის, რომ ეს თაღლითობაა. ისინი იმპიჩმენტის გამოყენებით, 2020 წლის არჩევნების მოგებას ცდილობენ. ჩვენ მოვიგეთ მალერის თაღლითობის საქმეშიც. ამან ორ წელიწადნახევარს გასტანა, შემდეგ სიმშვიდის რამდენიმე დღე გვქონდა და უეცრად ეს წამოიწყეს", - ამბობს დონალდ ტრამპი.

დაპირისპირება ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ოფიციალურად თქვა უარი და კონგრესის მცდელობას, დაადგინოს, იყოს თუ არა გადაცდომა პრეზიდენტის საქმიანობაში, კიდევ ერთხელ უწოდა პარტიული, მიკერძოებული ფსევდო-გამოძიება და "კუდიანებზე ნადირობა". ასევე აფასებდა ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი უძღვებოდა.

თუმცა, პრეზიდენტის წინააღმდეგობა დემოკრატებს არ აფერხებთ. კონგრესმენი ადამ შიფი ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებებსა და დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის თქმით, პრეზიდენტი მართლმსაჯულებას უშლის ხელს და კონგრესს არ აძლევს საშუალებას, აღასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება.

პრეზიდენტს არც მხარდამჭერები აკლია. კონგრესმენების ნაწილი მის დასაცავად მზადაა. მაგრამ, სამართლის სპეციალისტი პოლ შიფ ბერმანი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ კონგრესს შეუძლია პრეზიდენტის ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება.

"ძალაუფლების ნებისმიერი გადამეტება შეიძლება იმპიჩმენტის საფუძვლად იყოს მიჩნეული. კონსტიტუცია ამას პირდაპირ და ცალსახად არ განმარტავს, ასე რომ ეს ნამდვილად იქნება პოლიტიკური განსჯის საკითხი", - ამბობს სამართლის პროფესორი.

ტრამპის გადაწყვეტილება, არ ითანამშრომლოს კონგრესთან, ანალიტიკოსებს რიჩარდ ნიქსონის გამოცდილებას ახსენებს. "უოტერგეიტთან" დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, გამოძიებასთან თანამშრომლობა არც მას სურდა. თუმცა, საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ის დაავალდებულა, გამოექვეყნებინა აუდიო ჩანაწერები, რომელიც მის ბრალეულობაზე მიუთითებდა.

რიჩარდ ნიქსონი
რიჩარდ ნიქსონი

"პრეზიდენტები ყოველთვის ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას. ამ დროს კონგრესი ან სასამართლო მათ თანაბრად უპირისპირდება საკუთარი პოზიციებიდან და როგორც წესი, ამ დროს პრეზიდენტები აგებენ", - ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბარბარა ენ პერი.

ანალიტიკოსების თქმით, პრეზიდენტები სასამართლოს წინაშე პასუხისმგებელნი მხოლოდ პოლიტიკასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გამო ხდებიან. თუმცა, საბოლოო სიტყვას მაინც ამომრჩეველი იტყვის - იქნება ეს მოსახლეობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო და მის მიერ გამოცხადებული იმპიჩმენტი, თუ მომავალ წელს, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG