ფლორიდაში გამართული საკამპანიო შეხვედრების დროს, პრეზიდენტ ტრამპს, მხარდამჭერებისთვის მალერის ანგარიშის შედეგის შეხსენება არ დაავიწყდა.
„სხვათა შორის, ნახეთ რა მოხდა? არა ფარული გარიგება, არა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, სულ არაფერი! მათ უნდათ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ, რაც ასე სულელურად გამოიყურება. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ამას 2020 წლის გამარჯვებისკენ მივყავართ, რადგან ხალხს ყველაფერი ესმის.“
გამოძიებამ, 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის კრიმინალური შეთქმულება ვერ აღმოაჩინა. მალერმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საკითხზე დასკვნა ვერ გააკეთა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი არც გაამართლა, თუმცა ტრამპი ამას ხშირად ახსენებს.
რესპუბლიკელები, მათ შორის სენატის ლიდერი მიჩ მაკკონელი ამბობენ, რომ დროა ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
„ეს დამთავრდა. ვგულისხმობ, რომ მესმის ჩვენი მეგობრები მეორე მხარეს გაწბილებული არიან. ისინი ორი გრძელი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, რაიმე გზით 2016 წლის არჩევნების შედეგი ამოეტრიალებინათ.“
კონგრესის დემოკრატებმა პირობა დადეს, რომ მოსმენებით და გამოძიებებით წნეხს შეინარჩუნებენ.
ისინი დგამენ ნაბიჯებს იქითკენ, რომ მთავარ პროკურორ, უილიამ ბარს კონგრესისადმი უპატივცემულობის ბრალი წაუყენონ იმის გამო, რომ მან კონგრესს მალერის ანგარიშის არარედაქტირებული ვერსია არ გადასცა.
„ისინი ამერიკელ ხალხს სრულ ინფორმაციას უმალავენ და ეს დაუშვებელია.“
თუმცა ტრამპის იმპიჩმენტის წამოწყების საკითხზე, დემოკრატებს, მათ შორის პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ერთიანობა არ აქვთ.
„იმპიჩმენტი ყველაზე დამყოფი და გამთიშველი გზაა, რომლის არჩევაც შესაძლებელია და თუ ამ გზას აირჩევ, წარმატების პერსპექტივა უნდა გქონდეს.“
სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ, რაც დემოკრატების წამოწყებულ იმპიჩმენტს მცირე შანსს უტოვებს, ამბობს ექსპერტი დევიდ აბრამი.
„იმპიჩმენტის მცდელობა, რომელსაც რესპუბლიკელთა ნულოვანი მხარდაჭერა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უფრო განაწყენებული დამარცხებულების „კუდიანებზე ნადირობად“ წარმოჩნდება.“
რუსული გამოძიება, როგორც პოლიტიკური საკითხი, დასასრულისგან შორსაა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილი იქნება, ამბობს ჯონ ფორტიერი.
„დემოკრატებს პრეზიდენტი ძალიან არ მოსწონთ, იმავდროულად, ბევრ რესპუბლიკელს ის ძალიან მოსწონს. ამიტომაც ეს ენთუზიაზმის ფორმულაა, თუმცა შესაძლოა ძალიან კარგი სანახავი არ იყოს. სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებზე ადამიანების აქტიურობას ვნახავთ.“
რუსული გამოძიების ფურორის მიუხედავად, ტრამპის შესახებ გამოკითხვების ციფრები სტაბილური რჩებოდა, ამბობს ანალიტიკოსი მეთ დალეკი.
„მისი მოწონების ზედა ზღვარი საკმაოდ დაბალია, დაახლოებით 44 პროცენტი. მან 50 პროცენტი ვერასდროს გადალახა. გამოკითხვების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი მოწონების 50 პროცენტზე ზემოთ ვერ ავიდა. მაგრამ, ამასთან ერთად, მისი საბაზო დონე საკმაოდ მტკიცეა და 36 პროცენტზე ქვემოთ იშვიათად ჩადიოდა.“
ტრამპი თავისი გამართლების გამოცხადებას გააგრძელებს, დემოკრატები კი საზედამხედველო მოსმენებს ჯიუტად გააგრძელებენ.
მაგრამ, სავარაუდოდ ამერიკელი ამომრჩეველი იქნება ის, ვინც 2020 წლის ნოემბერში საბოლოო ვერდიქტს დადებს.
Facebook Forum