ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი უკრაინას და ჩინეთს ბაიდენის გამოძიებისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი უცხო ქვეყნების მთავრობებს თავისი პოლიტიკური მეტოქეების გამოძიებისკენ მოუწოდებს და ფსონს აორმაგებს იმ საქმეზე, რომელიც უკვე საიმპიჩმენტო გამოძიების საგანია.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ზუსტად რა სამსახურის გაწევა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს 25 ივლისს შემდგარი სატელოფონო საუბრის დროს, რომელიც ანონიმური საჩივრის მიზეზი გახდა, ტრამპმა უპასუხა:“რეკომენდაციას მივცემდი ბაიდენების საქმის გამოძიება დაეწყოთ.”

ბოლო დღეებში, ტრამპი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, ამჟამად დემოკრატიული პარტიის მოწინავე საპრეზიდენტო კანდიდატს, თავს არაერთხელ დაესხა და ამბობდა, რომ ბაიდენმა ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, რათა უკრაინა ეიძულებინა შეეწყვიტა სისხლის სამართლის გამოძიება, რომელსაც შეეძლო იმ დროს ვიცე-პრეზიდენტის შვილ, ჰანტერამდე მისულიყო, რომელიც კიევში ბაზირებულ ენერგო-კომპანია “ბურისმაზე” მუშაობდა.

ფლორიდაში ერთი დღით გამგზავრების წინ, შვეულმფრენში ჩაჯდომის წინ, ტრამპმა ბაიდენს ბრალი დასდო, რომ მან უკრაინას და ასევე ჩინეთსაც “უთაღლითა”. პრეზიდენტმა თქვა, რომ ბაიდენების საქმის გამოძიება ჩინეთსაც მართებს.

ტრამპმა ჰანტერ ბაიდენს ბრალი დასდო, რომ 2013 წელს ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავით იმგზავრა, რათა ჩინეთისგან 1.5 მილიარდი დოლარი მიეღო კერძო კომპანიის კაპიტალის ფონდისთვის, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის შვილი აყალიბებდა.

დემოკრატები ამბობენ, რომ ტრამპის კომენტარები იმის კიდევ ერთი მაგალითია, რომ ის საპრეზიდენტო ბერკეტებს პირადი პოლიტიკური გამორჩენისთვის იყენებს.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა თავისი რეპუტაცია ენერგიულად დაიცვა და ნევადის შტატის ქალაქ რინოში სიტყვით გამოსვლისას ტრამპს თავს დაესხა.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში წამოწყებული საიმპიჩმენტო გამოძიება ტრამპისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისია მას შემდეგ, რაც 2016 წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG