ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს


დონალდ ტრამპმა, 15 ნოემბერს განაცხადა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. მსგავსი ადრეული განაცხადი მიუთითებს იმაზე, რომ ის შესაძლოა ამ გზით ოპონენტების წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.

ტრამპმა განცხადება ფლორიდაში მის რეზიდენციაში, კონგრესის შუალედური არჩევნებიდან 1 კვირის შემდეგ გააკეთა. არჩევნებში რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს ისეთი მასშტაბური უპირატესობის მოპოვება, რომელსაც ტრამპის მოლოდინით, "წითელი ცუნამი" უნდა გამოეწვია.

გამოსვლაში, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ტრამპმა ასობით მხარდამჭერს, ჭაღებით მორთულ და ამერიკული დროშებით გაფორმებულ დარბაზში, მიმართა. „იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ ჩემს კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, - უთხრა ტრამპმა შეკრებილ მხარდამჭერებს. მის გამოსვლას ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, დონორები და ყოფილი თანამშრომლები.

„ორი წლის წინ ჩვენ დიდი ერი ვიყავით და მალე ისევ დიდი ერი ვიქნებით“, - თქვა მან.

ტრამპმა მისი ამომრჩევლისთვის ნაცნობი თემები გაიმეორა. ისაუბრა იმიგრაციაზე და თქვა, რომ ამერიკული ქალაქები დანაშაულითაა სავსე. მან თქვა, რომ მოითხოვს ნარკოდილერების სიკვდილით დასჯას და ხელახლა დაიქირავებს იმ სამხედროებს, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს COVID-19 ვაქცინის მიღებაზე უარის თქმის გამო.

ტრამპს არ გაუმეორებია დაუსაბუთებელი ბრალდებები 2020 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე და არ უსაუბრია 2021 წლის 6 იანვარს, მისი მხარდამჭერების კონგრესში შეჭრის საკითხზე.

რესპუბლიკური კანდიდატის ოფიციალურად შერჩევამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა. რესპუბლიკური პარტიის სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის არიან ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი და ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი.

დესანტისმა ფლორიდაში გასულ კვირას დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პენსი კი მისი ახალი წიგნის პოპულარიზაციას ცდილობს და ტრამპისგან დისტანცირებას აგრძელებს. სხვა შესაძლო რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატები შორის არიან ვირჯინიის გუბერნატორი გლენ იანგკინი, ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი, სამხრეთ კაროლინს ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ყოფილმა პრეზიდენტმა აქტიური როლი ითამაშა გასული კვირის კონგრესის შუალედურ არჩევნებში. ტრამპი მხარს უჭერდა მის მომხრე კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ცრუ ბრალდებებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე. მაგრამ მისი მხარდაჭერილი ბევრი კანდიდატი წამყვან, მერყევ შტატებში დამარცხდა, რის გამოც ზოგიერთმა რესპუბლიკელმა ღიად დაადანაშაულა ტრამპი სუსტი კანდიდატების პოპულარიზაციაში. ამან კი საბოლოოდ, მათი აზრით, ძირი გამოუთხარა პარტიის იმედებს სენატის კონტროლის შესახებ.

წარმომადგენელთა პალატის საკითხი კვლავ გაურკვეველია. თუმცა სავარაუდოდ რესპუბლიკელები იქ მცირედი უპირატესობით მოიპოვებენ გამარჯვებას იმ პროგნოზების საწინააღმდეგოდ, რომელთა თანახმადაც, პარტია მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწევდა.

ტრამპი შეეცდება თავისი პარტიის ოფიციალური ნომინაციაც მოიპოვოს. თუმცა ამის პარალელურად, მას სამთავრობო დოკუმენტების გატანასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის გამოძიება ემუქრება. ამასთან, კონგრესის იძიებს მის როლს კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაში. ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პასუხისმგებლობას უარყოფს.

XS
SM
MD
LG