ამერიკის მოქალაქეები 8 ნოემბერს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობენ. ეს არის ბოლო დღე, როცა ამომრჩეველს შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ გააკონტროლებს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს. პრეზიდენტ ბაიდენის მომდევნო ორი წლის დღის წესრიგიც, სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
ტრადიციულად, პარტია, რომელიც თეთრ სახლს აკონტროლებს, შუალედურ არჩევნებში წარმატებული არაა. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, გამონაკლისი შესაძლოა არც ეს არჩევნები იყოს.
ვის ირჩევენ ამერიკელები?
ამერიკელები წელს წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და 100-დან, 35 სენატორს აირჩევენ. სხვადასხვა გამოკითხვით, რესპუბლიკელებს აქვთ შესაზლებლობა, მოიპოვონ ის 5 მანდატი, რომელიც პალატის გაკონტროლების საშუალებას მისცემთ. სენატის გასაკონტროლებლად კი, ორივე პარტიის ყურადღება ახლა ოთხი შტატისკენაა მიპყრობილი. ეს შტატებია - პენსილვანია, ნევადა, ჯორჯია და არიზონა.
გარდა კანონმდებლებისა, მოქალაქეები წელს 36 გუბერნატორსაც ირჩევენ. ყურადღება ამ მხრივ მიმართულია მიჩიგანის, უისკონსინის, ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებისკენ.
განცხადებები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
მაშინ, როცა შუალედური არჩევნები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბევრი უკვე საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივებზე საუბრობს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს თქვა, რომ 15 ნოემბერს ის "დიდ განცხადებას" გააკეთებს. ანალიტიკოსთა აზრით, ეს 2020 წლის შემდეგ გაკეთებულ მინიშნებებს შორის, შესაძლოა ყველაზე ხმამაღალი განცხადება იყოს იმის შესახებ, რომ ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
2020 წელს, დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერების ნაწილი ცდილობდა დაემტკიცებინათ, რომ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება არა ამერიკელი ხალხის ნება, არამედ - გაყალბების შედეგი იყო. თუკი დონალდ ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერი გამარჯვებას მოიპოვებს, მათ ექნებათ უშუალო ზედამხედველობის უფლება, კრიტიკული მნიშვნელობის შტატებში, 2024 წლის საარჩევნო პროცესზე.
წინასწარი კენჭისყრა და შედეგები
წინასწარი კენჭისყრის წესების შესაბამისად, არჩევნების დღემდე, 42-მა მილიონმა ამერიკელმა უკვე მისცა ხმა - პირადად, თუ საფოსტო სერვისის გამოყენებით. საარჩევნო უწყებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბოლოო შედეგები შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყოს ცნობილი. განსაკუთრებით კი ისეთ შტატებში, სადაც კანდიდატებს შორის განსხვავებები ძალიან მცირე იქნება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია პენსილვანიაც. ფილადელფიის წამყვანმა ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს სპეციალური ზომების გატარება იმისთვის, რომ ორმაგი ხმის მიცემა გამორიცხონ.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგზე, არჩევნების შედეგებს
თუკი კონგრესში რესპუბლიკელები უპირატესობას მოიპოვებენ, პრეზიდენტ ბაიდენის დღის წესრიგში არსებული არაერთი საკითხი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს შესაძლოა ეხებოდეს დემოკრატთათვის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა აბორტის უფლება, კლიმატის ცვლილება, კორპორაციების მიმართ არსებული საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც 2017 წელს დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიცვალა და ბაიდენის გუნდი ამ დრომდე წარუმატებლად ცდილობდა მის შეცვლას.
ასევე, პრობლემური შეიძლება გახდეს იუსტიციის კუთხით არსებული საკითხებიც. რესპუბლიკელმა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ თუკი ის უმრავლესობის ლიდერის პოზიციას დაიკავებს, ის არ იქნება იმის მომხრე, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტმა, რომლის პირველი ვადაც მალე ამოიწურება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კანდიდატი წარადგინოს. დაყოფილი მთავრობის თემამ შესაძლოა კვლავ მეტი ყურადღება მიაპყროს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც ძალთა ბალანსი კონსერვატორთა სასარგებლოდაა გადახრილი.
ბაიდენმა და სხვა დემოკრატმა ლიდერებმა, რამდენჯერმე გამოთქვეს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა არჩევნებში ისეთმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ, რომლებიც 2020 წელს, ტრამპის ყალბ მტკიცებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მხარს უჭერდნენ. "ახლა საარჩევნო ბიულეტენზე დემოკრატიაა". - თქვა ბაიდენმა კვირას, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა მოქმედი და ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტები ადგილობრივი კანდიდატების მხარდაჭერას თავიანთი ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობენ, ზოგ შტატში, დემოკრატი კანდიდატები განზრახ ცდილობენ თერი სახლისგან დისტანცირებას იმისთვის, რომ ესა თუ ის წარუმატებლობა, ან პრეზიდენტის რეიტინგის შემცირება, მათზე ცუდად არ აისახოს. ორშაბათს პრეზიდენტი არა მერყევ შტატ პენსილვანიაში, არამედ მეტად დემოკრატიულად განწყობილ მერილენდში ჩავიდა. პრეზიდენტმა ხმა ადრეული კენჭისყრის უფლების გამოყენებით მისცა. დონალდ ტრამპი კი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში ფლორიდის შტატში აპირებს ხმის მიცემას.