ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, იწონებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეთანხხმებაზე უარის თქმის თაობაზე.
"შეთანხმების გარეშე ყოფნა სჯობს ცუდ შეთანხმებას", - ამბობს დასავლეთ ვირჯინიის დემოკრატი სენატორი ჯო მანჩინი.
რესპუბლიკელი მაიკ რაუნდსი კი, რომელიც სენატში სამხრეთ დაკოტის შტატს წარმოადგენს, ამბობს, რომ გარიგების ხელოვნებაში შეთანხმებაზე უარის თქმაც მნიშვნელოვანი ნაწილია. "მიხარია, რომ პრეზიდენტმა ეს ამგვარად გააკეთა და მიუხედავად ამისა, რომ მე მინდა შეთანხმების მიღწევა, ეს არ იყო ამისთვის შესაფერისი დრო", - ამბობს სენატორი.
პრეზიდენტ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს შორის ვიეტნამის დედაქალაქში მეორე უმაღლესი რანგის შეხვედრა მოულოდნელად, დაგეგმილზე ადრე დასრულდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ბირთვული განიარაღებისა და ამის სანაცვლოდ სანქციების მოხსნის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ეს სამიტი ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარეშე დასრულდა.
"თუკი პრეზიდენტმა და იქ მყოფმა მისი გუნდის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ჩვენ ამ შეთანხმებით კარგს ვერაფერს მივიღებდით, მაშინ კარგია, რომ არაფერი დავთმეთ", - ამბობს ვირჯინიელი დემოკრატი ტიმ კეინი.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდ შეთანხმებაზე ხელმოწერისგან თავის შეკავების ფაქტს იწონებენ, სენატორების ნაწილი ამბობს, რომ ამ რანგის შეხვედრამდე მეტი ფაქტორი უნდა ყოფილიყო შეთანხმებული და გათვალისწინებული.
"მე ნამდვილად არ მინდა, რომ პრეზიდენტმა ხელი ცუდ შეთანხმებას მოაწეროს. თუმცა, როგორც წესი, ამ ეტაპამდე საკმარისი "საშინაო დავალება" არის ხოლმე შესრულებული იმისთვის, რომ მოლოდინი შევიქმნათ ან შედეგების პროგნოზი გავაკეთოთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გაკეთებულა", - ამბობს რანგით მეორე დემოკრატი სენატორი დიკ დურბინი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
Facebook Forum