გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი და ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. პირისპირ შეხვედრა თებერვლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ მეორე შეხვედრის დაანონსების მიუხედავად, ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებ, არის თუ არა რეალური პროგრესი ჩრდილოეთ კორეასთან ფხენიანის მიერ ატომურ პროგრამაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
ბრუს კლინგერი, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მკვლევარი "ჰერიტიჯის" ფონდიდან ამბობს, რომ მოსაზრებები, თითქოს გარკვეული პროგრესი არსებობს ბირთვული განიარაღების პროცესში, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვულ პროგრამაზე რეალურად უარის თქმის ნიშნები არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გამუდმებით მოუწოდებდა ვაშინგტონსა და ჩრდილოელ მეზობელს მეორედ შეხვედრისკენ.
"რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავ ელოდება, როდის დაადასტურებს ჩრდილო კორეა ბირთვული განიარაღების მიზნისადმი ერთგულებას", - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ეს საკითხი რჩებოდა ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საგნად არა მხოლოდ გასული წლის სამიტის შემდეგ, არამედ ათწლეულების მანძილზე.
"სტრატფორის" ვიცე-პრეზიდენტი და სტრატეგიის ანალიტიკოსი როჯერ ბეიკერი ამბობს, რომ ამჯერად ვითარება განსხვავდება.
"როგორც ჩანს, სწორედ ჩრდილო კორეის მხარე იყო ის, ვინც მეორე შეხვედრის დანიშვნას და ამ ინიციატივის გატანას ცდილობდა", - ამბობს ანალიტიკოსი და კიმ ჩენ უნის საახალწლო მიმართვის ტექსტს იხსნებებს. "ამ გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთ კორეა ხედავს ცვლილებების საჭიროებას".
ბეიკერის თქმით, ჩრდილო კორეამ ჯერ ჩინეთს მიმართა დახმარებისთვის და დარწმუნდა, რომ მხარდაჭერა ექნებოდა, შემდეგ კი შეერთებულ შტატებს.
"ეროვნული ინტერესის ცენტრის" თავდაცვის კვლევების დირექტორი, ჰარი კაზიანისი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა ორივე მხარემ გააცნობიერა იმის საჭიროება, რომ ბირთვული პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგრესია საჭირო. თუმცა ამ ეტაპზე, მისი აზრით, ისეთი შეთანხმების მიღწევაა საჭირო, სადაც ორივე მხარე გამარჯვებულად მიიჩნევს თავს. "ეს კი ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება აქაც ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის მოლაპარაკებებში", - ამბობს ბეიკერი.
ტრამპი და კიმი ერთმანეთს გასული წლის ზაფხულში სინგაპურში შეხვდნენ. მეორე შეხვედრის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ვაშინგტონს ჩრდილო კორეის გამოცდილი მომლაპარაკებელი ესტუმრა და პრეზიდენტ ტრამპს საათნახევარი ესაუბრა.
Facebook Forum