შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის და მოლაპარაკებისთვის მზად არის.
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჟურნალისტი შეეკითხა, ექნებოდა თუ არა სურვილი შეხვედროდა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის. “მე შეხვედრების მჯერა” - იყო პრეზიდენტ ტრამპის პასუხი. “სხვა ადამიანებთან საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ომის, სიკვდილის, შიმშილის და სხვა ბევრი რამის პოტენციალია, უნდა შეხვდე”.
ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრა და პირისპირ შემდგარი დისკუსია, მტრულად განწყობილ სახელმწიფო ლიდერებთან მისი პირდაპირი დიპლომატიის მაგალითებად დაასახელა. დონალდ ტრამპის თქმით, ზოგადად, “შეხვედრაში ცუდი არაფერია”. მაგრამ, მან ასევე უარი თქვა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის ყოველგვარ წინაპირობაზეც: “არანაირი პირობა, თუ უნდათ შეხვედრა, მე შევხვდები”.
მოგვიანებით, ტელეკომპანიამ “სი-ენ-ბი-სი” გადასცა ინტერვიუ, რომელშიც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ირანის ლიდერს ტრამპი იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ირანელები “ფუნდამენტურ ცვლილებებს განახორციელებენ”. პომპეომ რამდენიმე აუცილებელ პირობას შორის დაასახელა ბირთვული განიარაღებისკენ მიმავალი რეალური ნაბიჯები და საკუთარ ხალხთან დამოკიდებულების შეცვლა.
ტრამპის განცხადებას ირანიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. თეირანი აცხადებს, რომ პირისპირ შეხვედრა და მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს ამერიკის დაბრუნებას ბირთვულ შეთანხმებაში, რომელიც ირანთან მსოფლიოს ექვსმა სახელმწიფომ დადო. ამას გარდა, ირანელები ითხოვენ “ირანის ეროვნული უფლებების პატივისცემას” და “მტრობის შემცირებას”. ეს ყოველივე ხელს შეუწყობდა ორი ქვეყნის მოლაპარაკებებისკენ მიმავალი “მოუწესრიგებელი გზის გასუფთავებას” - დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ჰამიდ აბუთალიბმა, ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა.
Facebook Forum