ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმის" ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტ ტრამპთან სინგაპურის სამიტის შემდეგ


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, "ამერიკის ხმის" სპეციალურ კორესპონდენტ გრეტა ვან სასტერნს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ესაუბრა. ტრამპი კიმ ჩენ უნს დღეს სინგაპურში შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერმა ფხენიანის ბირთვული პროგრამა განიხილეს.

კიმ ჩენ უნმა ყველაზე მეტად რით გაგაკვირვათ?

„მას შესანიშნავი პიროვნული თვისებები აქვს. მხიარულია, ჭკვიანი და შესანიშნავი მომლაპარაკებელი. მას თავისი ხალხი უყვარს, ეს არ გამკვირვებია - თუმცა, მას თავის ხალხი უყვარს. და ვფიქრობ ეს შესანიშნავი შეთანხმების დასაწყისია. ჩვენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებას მოვახდენთ. ეს პროცესი უმალვე დაიწყება. ბევრი სხვა რამ ხდება, მათ შორის, გარდაცვლილთა ნეშტების დაბრუნების საკითხი. ნეშტების დაბრუნება... ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მე მირეკავდნენ, მწერდნენ წერილებს, [მეკითხებოდნენ] „შეგიძლიათ ეს გააკეთოთ“ და ის [კიმი] ამას დათანხმდა, ათასობით ადამიანის [ნეშტის ჩამოსვენებას] - ვინც ომში დაიღუპა, ეს მნიშვნელოვანია“.

თქვენ მასთან ადამიანის უფლებათა საკითხი განიხილეთ. როგორ მიიღო მან ეს?

„ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, დროის 90 პროცენტი ჩვენ ბირთვულ განიარაღებაზე ვსაუბრობდით, თუმცა ჩვენ ბევრი სხვა რამ განვიხილეთ, მათ შორის, ადამიანის უფლებებიც იყო ნახსენები. ნეშტების დაბრუნება იყო დიდი ნაწილი. ჩვენ ეს დოკუმენტშიც კი ჩავწერეთ. მოვახერხეთ ამის დოკუმენტში აღნიშვნა. ჩვენ დოკუმენტში ბევრი კარგი რამ აღვნიშნეთ, იმაზე უფრო მეტი ვიდრე ვინმეს ეგონა, რომ მოხდებოდა“.

რა ხდებოდა კულისებში? თქვენ მას ულტიმატუმი წაუყენეთ და მან თქვენ? როგორ მიდიოდა მოლაპარაკება?

„არა, ულტიმატუმი არა. ჩვენ უკვე სამი თვეა ვლაპარაკობთ, ჩვენი სხვადასხვა წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დახმარებით, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა. დღევანდელ შეხვედრამდე ჩვენ დიდი ხანია კავშირზე ვართ და დღეს როცა შევხვდით, ადვილად მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა. ჩემთვის ეს უძილობის 25-ე საათია. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იყო და მე ამით ვამაყობ. ეს პროცესის დასაწყისია. ეს შესაძლებელია ომით დასრულებულიყო, მილიონობით ადამიანის სიკვდილით. თქვენ იცით, რომ სეულში 28 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმებით დავასრულოთ პროცესი".

რაც შეეხება ჩვენს [ამერიკის] შეიარაღებულ ძალებს, ისინი სამხრეთ კორეაში დარჩებიან?

"დიახ ისინი იქ რჩებიან. ჩვენ ეს არ განგვიხილავს. ჩვენ დავასრულებთ „საომარ თამაშებს“ [ერთობლივ სამხედრო წვრთნებს], რაც დიდძალი ფული ჯდება. პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს ძალზედ პროვოკაციულია და მე მინდა ამის გაკეთება, რადგან ვფიქრობ მათ ეს ძალიან ახარებთ, რადგან ძალზედ პროვოკაციულია. თუმცა ეს [წვრთნები] ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენ მათ შევწყვეტთ, სანამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად მიმდინარეობს".

რამ განაპირობა კიმის მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლა დაჯდომა ათწლეულების განმავლობაში სამხედრო მუქარის შემდეგ?

„არ ვფიქრობ, რომ აქამდე იარაღის ჟღარუნი ხდებოდა. ჩემამდე ისინი ჩუმად იყვნენ, არ უნდოდათ ლაპარაკი. თუმცა, ასე არ გამოვა. ვფიქრობ, [ადმინისტრაციის] თავდაპირველი რიტორიკა მნიშვნელოვანი იყო. მე ეს არ მომწონდა და ზოგი ფიქრობდა, რომ არასწორად ვიქცეოდი. თუმცა, ამის გარეშე ვფიქრობ აქამდე ვერ მოვიდოდით. ვფიქრობ [ჩრდილოეთ კორეას] მართლა უნდა შეთანხმების მიღწევა. მას უნდა რაღაც გააკეთოს“.

და რატომ?

„რადგან მან იცის, რომ ეს ნიშნავს ბიზნესს. ვფიქრობ, წარსულში ასე არ ფიქრობდა. წარსულში, ხელისუფლებაში სხვა ხალხი იყო და არ გამოვიდა. მაგრამ მან იცის, რომ ჩვენ გვინდა ამ საქმის გაკეთება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს საქმე და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ აქამდე მოვედი. დიდი დრო გავიდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი დღიდან დაწყებული ჩვენ ჩრდილოეთ კორეას ხისტად ვუდგებოდით. მაგრამ დღეს დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომელიც იმაზე უკეთესი და ყოვლისმომცველია ვიდრე ხალხი ფიქრობდა. არავის ეგონა რომ ეს შესაძლებელი იყო“.

რას ფიქრობთ, როგორი შთაბეჭდილება დატოვეთ მასზე შეხვედრის შემდეგ?

„ვფიქრობ მას მოვეწონე და მეც მომეწონა. მე მესმის წარსული და ჩემთვის არავის აქამდე არ უთქვამს, რომ ის მტკიცე ადამიანია. ის უნდა იყოს მტკიცე და აქამდე მტკიცედ იდგა. ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ის ჭკვიანია, უყვარს თავისი ხალხი, მისი ქვეყანა. უნდა კარგი რაღაცეები მიიღოს და ამიტომ აკეთებს ამას".

მაგრამ ის საკუთარ ხალხს აშიმშილებს. მათ მიმართ სასტიკია და ამის მიუხედავად უყვარს თავის ხალხი?

„თუ დააკვირდებით, ის იმეორებს იმას, რასაც აქამდე ხედავდა. თუმცა, მე ყურადღება უნდა გავამახვილო დღევანდელ დღეზე, გუშინდელზე და რამდენიმე კვირაზე, რადგან სწორედ ახლა დაიწყო ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, რიტორიკის და სანქციების გარეშე და სანქციების ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამას ვერ მივაღწევდით. სანქციები ძალაში დარჩება იქამდე, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენ უკვე ვხედავთ ამას, მაგრამ სანქციები იქამდე დარჩება, სანამ იარაღის დაშლას და დემონტაჟს არ დავიწყებთ“.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს „ამერიკის ხმაა“ ამას ჩრდილოეთ კორეაში, დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეები მოუსმენენ. რას ეტყოდით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს?

„იმას, რომ მათ ჰყავთ ადამიანი, რომელსაც მათ მიმართ დიდი გრძნობები აქვს. მას სურს სწორად მოიქცეს და ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. ჩვენ საერთო ენა ვიპოვეთ. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ კავშირის ქონა. ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ადამიანები, რომლებთანაც საერთო ენას ვერ პოულობ და რაც არ უნდა გააკეთო, უბრალოდ არ გამოდის. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი დასაწყისშივე სწორად მიდიოდა, ამის შესახებ ვილაპარაკე და ვფიქრობ ჩრდილოეთ კორეისთვის შესანიშნავად განვითარდება მოვლენები“.

მადლობა ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა, ვაშინგტონიდან შორს.

მართალია, დიდი ხანი გავიდა. იმედია დაძინებას მოვახერხებ როგორღაც, ცოტა რომ დავისვენო.

რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფრენა.

მადლობა გრეტა, პატივია ჩემთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG