შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილლერსონი ამბობს, რომ ამეირკასა და ჩინეთს შორის ჩრდილო კორეის საკითხზე „არანაირი უთანხმოება არ არსებობს“.
ეს განცხადება ტილერსონმა პეკინში დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრისას განხილვის ძირითადი საკითხები სწორედ ჩრდილოეთ კორეა და ვაჭრობა იყო. მისივე თქმით, ორდღიანი შეხვედრების განმავლობაში ჩინური მხარე ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ ის არ შეურიგდება ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღით მუქარას.
„ჩვენი ქვეყნების მიზნებს შორის განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი შეხედულებები და ტაქტიკა, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს ზეწოლა ამ ქვეყანაზე და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ყველაზე მეტს და დიდხანს“, - განაცხადა რექს ტილერსონმა
სახელმწიფო მდივანმა, რომელიც აზიაში პრეზიდენტთან ერთად იმყოფება, დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი ასევე შეეხებოდა ადამიანის უფლებებსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს.
Facebook Forum