ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეალურად რამდენი ტურისტი შემოდის საქართველოში?


პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას სტეფანწმინდაში ჩავიდა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ერთადერთ, ოფიციალურ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე თავად მოემსახურა რუსეთიდან საავტომობილო ტრანსპორტით შემოსულ ვიზიტორებს.

სააკაშვილის პირადი ინიციატივით, საქართველომ თებერვლის ბოლოდან რუსეთთან ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამ 70 პროცენტით გაზარდა, ზემო ლარსიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. 29 თებერვლიდან დღემდე საზღვარი უკვე 30 ათასმა ვიზიტორმა გადმოლახა.

სტეფაწმინდელებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა, რომ რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის გაზრდა ავტომატურად მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც ყაზბეგის რაიონის წინაშე უკვე წლებია დგას, მათ შორის, უმთავრეს - სიღარიბესაც.

„ძალიან მაგარი გეოგრაფია გვაქვს. მთავარი სატრანზიტო პუნქტი არის აქაურობა. ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სატრანზიტო პუნქტი, დიდი სავაჭრო ცენტრი და საბოლოო ჯამში სოციალური ინფრასტრუქტურა. აქ შეუძლებელია რომ თუ ეს ყველაფერი კარგად განვითარდა ხალხმა არ გადალახოს გაჭირვება.“

რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე გაამახვილა სააკაშვილმა ყურაღდება სტეფანწმინდაში, მშენებარე სასტუმროს „რუმს ყაზბეგის“ დათვალიერებისას. 156 ადგილიანი სასტუმრო, კაზინოთი და საცურაო აუზით ზაფხულიდან ამუშავდება.

იანვარში, სტეფანწმინდაში სამორინეების ბიზნესის განვითარების მიზნით, ადგილობრივმა საკრებულომ საგადასახადო შეღავათების პაკეტი მიიღო. სამორინეს გახსნა გუდაურშიც იგეგმება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „მთელი რუსეთი აქ ჩამოჯდება და მთელი მოპარული ფული დავახარჯინოთ უნდა აქ!“

„ნახე რა სასწაული ხედია. მაგარი შერჩეული ადგილია! უკან სამორინე იქნება, ე.ი მთელი რუსეთი აქ ჩამოჯდება! ფული დავახარჯინოთ კაცო, მთელი მოპარული ფული უნდა დახარჯონ აქ! აქედან ვეღარ გაყრით ხალხს. შარშან ყველა ოჯახში ტურისტი იყო. აქ პრინციპში ფიზიკური გაჭირვების და შიმშილის პროლემა აღარ უნდა იყოს ტურიზმის გამო“.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ტურისტთა რიცხვი განუხრელად იზრდება და შარშან სამ მილიონ ტურისტს მიაღწია. როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტურისტებად მიიჩნევს ყველას, ვინც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. 2006 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკის დინამიკა ასეთია

2006 - 763 231

2007 – 1 051 749

2008 - 1 290 108

2009 - 1 500 049

2010 - 2 031 717

2011 - 2 820 187

ეკონიმიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ვიზიტორების სტატისტიკის ტურისტების სტატისტიკად გასაღებითა და პროპაგანდით, მმართველ ელიტას შეცდომაში შეჰყავს, როგორც ტურიზმის სექტორით დაინტერესებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ისე პოტენციური მსხვილი ინვესტორები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური ამბობს

„სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ტურიზმის სტატისტიკა. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების სტატისტიკა და ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული მაჩვენებელია.

თუკი ადამიანი, პირობითად სარფში ან ლარსზე შემოვიდა მანქანით და გაიარა საქაღთველო, ისე რომ არ გაჩერდა და გავიდა საქართველოდან, და, მას ეს შეუძლია ერთ დღეში გააკეთოს, ჩათვალეთ რომ მისგან ქვეყნის ეკონომიკას და ტურიზმს არაფერი მიუღია. ჩვენ არ ვითვლით ტურისტებს, ვითვლით უბრალოდ ვიზიტორებს!

მეორე - ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არასწორი სიგნალების მიცემა. ხალხს უთხრა რომ საქართველო იქნება ლამის ნიცა და კანი, ამან მოსახლეობაში, ბიზნესში გამოიწვია იმის განცდა, რომ რახან ამას ხელისუფლება ამბობს, ე.ი მას მეტი ინფორმაცია აქვს.

შარშან ჩავარდნილი ტურისტული სეზონებით, როგორც ზღვაზე, ისე მთაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რასაც ხელისუფლება ამბობს ძალიან ხშირად არ უნდა დაიჯეროს ადამიანმა. გაუთვლელია ეს ყველაფერი.

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში იყო ეკონომიკური კრიზისი საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მოაწყდებოდნენ ან აწი მოაწყდებიან ტურისტთა დიდი ნაკადი, იყო და არის ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა.“

ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან ჩამოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, მესამეზე – სომხეთი, მეოთხეზე – რუსეთი, მეხუთე პოზიციაზე კი ირანი გავიდა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 2015 წელს საქართველოში 5 მილიონი ტურისტი უნდა შემოვიდეს. დამოუკიდებელი ექსპერტები ამ მონაცემებს და პროგნოზსაც საეჭვოს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG